ახალი ამბები
არჩევნების დღეს, მინიმუმ 50 ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა -“მედიაომბუდსმენის" ანგარიში
FaceBook
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, “მედიაომბუდსმენმა”, ქუთაისში, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, არჩევნების დღეს, მედიის წარმომადგენლებისთვის ხელისშეშლის ფაქტები იყო ქუთაისის #02, #49-ე და 64-ე საარჩევნო უბნებზე. 

კერძოდ, ანგარიშშია წერია, რომ ქუთაისის #02 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

პროფესიული საქმიანობის უფლება ასევე შეეზღუდა ქუთაისის #49 საუბნო საარჩევნო კომისიაში “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარი წაქაძეს და ოპერატორ ბექა ქორჩილავას. კერძოდ, საარჩევნო უბანზე მყოფ მედიის წარმომადგენელს კომისიის თავმჯდომარე სთხოვდა, ოპერატორს, უბნის გარეთ დაეტოვებინა კამერა და ისე შემოსულიყო, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ამავე საარჩევნო უბანზე მყოფი პირი პირდაპირ ეთერში მყოფ მარი წაქაძეს ხელს უშლიდა ინფორმაციის გადაცემაში. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა მარი წაქაძეს და ბექა ქორჩილავას საარჩევნო უბანი დაატოვებინეს, რადგან კომისიის გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გააძევეს;

ამავე ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძეს ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. სავარაუდოდ "ქართული ოცნების" აქტივისტმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა;

“მედიაომბუდსმენმა”, 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, ჯამში, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.

"საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.

ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ",- აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იყო “მედიაომბუდსმენის” საკონსულტაციო ცხელი ხაზი. ორგანიზაცია ეტაპობრივად ატყობინებდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შესაბამისად, ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

“მედიაომბუდსმენის” ანგარიში, სადაც არჩევნების გაშუქებისას მედიის სამუშაო პირობებია მიმოხილული, სრულად ნახეთ აქ. 

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:30 / 30.10.2024
"ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება, “ - აღნიშნულია 
საქართველოს პარლამენტთან 44 დღიანი უწყვეტი აქციის და შიმშილობის
შემდეგ, ჭიათურაში დაბრუნებული შუქრუთელები ხელისუფლებას ნდობას
უცხადებენ.
14:06 / 30.10.2024
საქართველოს პარლამენტთან 44 დღიანი უწყვეტი აქციის და შიმშილობის შემდეგ, ჭიათურაში დაბრუნებული შუქრუთელები ხელისუფლებას ნდობას უცხადებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.