27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ამერიკულმა ორგანიზაციებმა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა" (NDI) და "საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტმა" (
IRI), 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველადი
შეფასება გააკეთეს. ისინი ერთობლივ სადამკვირვებლო მისიაში იყვნენ
ჩართულნი.
IRI-ის პრეზიდენტმა
დენ თვაინინგმა და დელეგაციის წევრმა და მარგარეტა სიდერფელდმა,
- რომელიც შვედეთის პარლამენტის წევრია, კრიტიკულად შეაფასეს
მთავრობის მიერ წინასაარჩენოდ მიღებული
შემზღუდავი კანონები, ასევე მათ მიერ განხორციელებული "უპრეცედენტო
პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები", რაც მათი
შეფასებით, ხელს უშლის პოლიტიკურ კონკურენციას.
"ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ სივრცეს საარჩევნო
სუბიექტებისთვის არჩევნებამდე. კენჭისყრის დღესთან საკმაოდ ახლოს,
„ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ
გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების
აქტივობა. და ამისათვის გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები. მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო
ნამდვილად ნათელი. გარდა ამისა, ქართული ოცნება აკონტროლებდა ბევრ
ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, იყო დაშინება რომ თუკი
ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, თითქოს
შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას", - აღნიშნა მარგარეტა
სიდერფელდმა.
მისივე თქმით, მთავრობამ გამოსცა რეგულაციები პოლიტიკური
შემოწირურლობების მიმართულებით, ეს უფლებამოსილება კამპანიის
გამჭვირვალობის მონიტორინგისა გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს,
რაც მიუკერძოებლობის კუთხით დიდ ეჭვებს წარმოქმნის.
დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ჯონ შიმკუსმა, ჩამოთვალა არჩევნების
წინა პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევები:
"დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, როცა
ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული "ოცნების"
წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა; ამან
ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემის განვითარებას, შექმნა შიშით
დატვირთული გარემო, რამაც შემდეგ გამოხმაურება ჰპოვა NGO-ების
ანგარიშებში".
აღსანიშნავია, რომ
IRI-ს დამკვირვებლები იყვნენ 44 მუნიციპალიტეტის 260
უბანზე.
მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს
მომავალში, მანამდე კი ცესკოს მოუწოდეს, რომ შესული 337 საჩივარი
განიხილოს სამართლიანად და გამჭვირვალედ.
მასალის გამოყენების პირობები