"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია" საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებზე
საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია
დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
"საიას" ცნობით, დარღვევები დაიწყო
ჯერ კიდევ ხმის მისაცემად უბნების გახსნამდე, როცა კომისიის წევრებს
მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ, რამდენიმე უბანი კი,
ამომრჩეველთა მისაღებად, რვა საათზე არ გაიხსნა. უბნების გახსნამდე
გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად
გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა,
ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და არ
დაბრუნებულა. დარღვევები გამოვლინდა კენჭისყრის პროცესის დროსაც,
კერძოდ, იყო აპარატების გაუმართაობისა და ხმის ფარულობის დარღვევის
ფაქტები.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით,
მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, "ქართული
ოცნების" წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა. გამოვლინდა
ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები - გლდანის მე-13,
ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.
საარჩევნო უბნებში პარტია "ქართული ოცნების" მიერ დამონტაჟებულია
ვიდეოკამერები. გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე
კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე
ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით.
დარღვევების შესახებ "საიას"
დეტალური ინფორმაცია, ნახეთ აქ:
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია
3 111 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი
ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს
აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი
წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები