"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით,
გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება
პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს",- ამის შესახებ
ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის
არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა
10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.
გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს დააკვირდება
76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111
ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე
პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი
წარმომადგენელი.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების
უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით
დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაიცვან
კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და
ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში
ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და
საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.
არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ
ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ
ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის
დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს
და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში
წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის
გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნა გიორგი
კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და
მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო
ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები
უსაფუძვლო ბრალდებებით.
"სწორედ ამიტომ, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, რომ პატივი ვცეთ
ამომრჩევლებს და მივაწოდოთ მათ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური
ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ
საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო
პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი
საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია",- აღნიშნა
ცესკო-ს თავმჯდომარემ.
მან ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს პარლამენტის
150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე
აირჩევენ.
"თქვენ აირჩევთ ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ
ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე
უნდა გააფერადოთ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები
განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ",- განმარტა
კალანდარიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო
უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის
13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც
შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში
შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე,
ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანი მზად
არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე
გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება.
საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00
საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. მისივე თქმით, ამომრჩეველმა თან
უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508
294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს
არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები