დედაქალაქში თვენახევრიანი უწყვეტი
აქციის შემდეგ, შუქრუთელები, მათი პროტესტის ძირითად ადგილზე, სოფელ
შუქრუთში დაბრუნდნენ.
იქ, სადაც თითქმის რვა თვეა პიკეტირებული აქვთ მაღაროების
შესასვლელები. აქციის მონაწილეები, რომლებიც დედაქალაქში იმ იმედით
ჩავიდნენ, რომ პროტესტის ხმას ხელისუფლებას მიაწვდენდნენ,
სოფელში იმედგაცრუებულები დაბრუნდნენ. შუქრუთელები მთელი კვირა
ელოდნენ მედიაციის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დანიშვნას, თუმცა,
ხელისუფლებამ, რომელმაც აქციის მონაწილეებსა და კომპანია "ჯორჯიან
მანგანეზს" შორის მედიატორის როლი იკისრა, შუქრუთელებისთვის ვერ
მოიცალა. შუქრუთელებმა სტრატეგია შეცვალეს და ბრძოლა მაღაროების
შესასვლელებთან გააგრძელეს.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი
ნეფარიძე ამბობს, რომ კომპანიას მანამდე არ მისცემენ სამუშაოების
გაგრძელების უფლებას, ვიდრე მათ მოთხოვნებს, კომპენსაციის შესახებ, არ
დააკმაყოფილებს.
"არანაირი ქმედითი ნაბიჯი ამ დრომდე
არ გადადგმულა. მედიაციის ფარგლებშიც გამართული შეხვედრები მხოლოდ
დროის გაყვანას ემსახურებოდა, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება
დავბრუნდეთ აქ, უშუალოდ მაღაროების შესასვლელებთან და გავაგრძელოთ
პიკეტირება, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. მეექვსე წელია ამ
უსამართლობასთან ვიბრძვით და ასე იქნება მანამდე, ვიდრე არ შესრულდება
ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები. მზად ვართ, ჩვენი ოჯახები სიცოცხლის
ფასად დავიცვათ", - ამბობს გიორგი ნეფარიძე.
შუქრუთელებს ახლა პიკეტირებული აქვთ
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები, რაც ჭიათურაში არსებული
მაღაროების 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, კომპანია "ჯორჯიან
მანგანეზის" მუშაობა მნიშვნელოვნად არის შეფერხებული.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის რვა თვეა საპროტესტო
აქციებს მართავენ. 11 სექტემბერს მათ თბილისში, საკანონმდებლო
ორგანოსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში
უწევდათ ღამის გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ
აძლევდა. შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის
განმავლობაში შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს
ფორმაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან"
მედიაცია შესთავაზა. მედიაციის ფარგლებში, მხარეები სამჯერ შეხვდნენ
ერთმანეთს, თუმცა, კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.
მოლაპარაკებებიდან გამოსული შუქრუთელები ამბობდნენ, რომ
პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების განცდა რჩებოდათ.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი"
ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების
ლიცენზიის მესაკუთრეა. კომპანია ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430
ჰექტარზე) ოპერირებს. მადნის მოპოვებას დამანგრეველი შედეგები აქვს
სოფელ შუქრუთისა და ითხვისისთვის. სოფლებში, საცხოვრებელი სახლების
ნაწილი დაბზარულია, ნაწილი კი მიწამ ჩაიტანა. ადგილობრივები
კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა ალტერნატიული
საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ.
"ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მან დაზარალებულებზე უკვე გასცა
თანხა, თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას კომპენსაცია
არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები