ხელისუფლება შუქრუთელებს
ატყუებს.
228 დღიანი, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, მესამე დღეა მედიაციის
ფარგლებში მორიგ შეხვედრას ამაოდ ელოდებიან. შუქრუთელები, პარლამენტარ
რატი იონათამიშვილის შუამავლობით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის"
წარმომადგენლებს 22 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, ხელისუფლება,
რომელმაც ამ პროცესში მედიატორის როლი იკისრა, კომუნიკაციაზე არ
გამოდის. მმართველი პარტია ახლა არჩევნებითაა დაკავებული და
შუქრუთელებისთვის არამხოლოდ არ სცალია, არამედ, მოლაპარაკებებს
არჩევნებამდე შეგნებულად აჭიანურებს. ეს შთაბეჭდილება შუქრუთელებს
პირველივე შეხვედრაზე დარჩათ. მედიაციის ფარგლებში, სახელმწიფოსა და
კომპანიის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრიდან გამოსული
აქტივისტები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ არცერთ კონკრეტულ საკითხებზე
საუბარი არ შემდგარა, რაც მათ უჩენდათ განცდას, რომ კომპანია,
ხელისუფლებასთან ერთად, ცდილობდა შეთანხმება არჩევნებამდე არ
შემდგარიყო.
არჩევნებამდე ორი დღე რჩება. დღეს,
24 ოქტომბერს, შუქრუთელებს შეხვედრის ჩასანიშნად არავინ შეხმიანებია.
25 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული, 26 ოქტომბერს კი
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
შუქრუთელები, რომლებმაც
მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატს 43 დღიანი შიმშილობით მიაღწიეს,
ისევ პარლამენტთან რჩებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაელოდებიან პროცესების განვითარებას
და თუ მედიაციამ შედეგი არ გამოიღო, ისევ პროტესტის უკიდურეს ზომას
მიმართავენ და ამჯერად, მშრალ შიმშილობას დაიწყებენ.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის
მცხოვრებლები თითქმის რვა თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. 11
სექტემბერს მათ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს,
სადაც უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში
უწევთ ღამის გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ
აძლევს. შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის განმავლობაში
შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი
მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაცია
შესთავაზა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი"
ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების
ლიცენზიის მესაკუთრეა. კომპანია ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430
ჰექტარზე) ოპერირებს. მადნის მოპოვებას დამანგრეველი შედეგები აქვს
სოფელ შუქრუთისა და ითხვისისთვის. სოფლებში, საცხოვრებელი სახლების
ნაწილი დაბზარულია, ნაწილი კი მიწამ ჩაიტანა. ადგილობრივები
კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა ალტერნატიული
საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ.
"ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მან დაზარალებულებზე უკვე გასცა
თანხა, თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას კომპენსაცია
არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები