ქუთაისში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 71 საარჩევნო
უბანი და ერთი სპეცუბანია გახსნილი.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" №59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ, ლარინა ლალიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქში სულ 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული,
რომლებიც ხმას, ყველა უბანზე, გარდა სპეცუბანისა, ელექტრონული
აპარატების საშუალებით მისცემენ.
ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნებს ვერიფიკაციისა და
პიკოსის აპარატები არჩევნების წინა დღეს გადაეცემათ.
რაც შეეხება გადასატან ყუთებს, №59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული ყველა უბანზე, ქუთაისში
რეგირტირებული ამომრჩევლის 3-მმა პროცენტმა მოითხოვა, 3%-ს ზევით
მოთხოვნა კი მხოლოდ 10 უბანზე იყო. უფრო კონკრეტულად, ლარინა
ლალიაშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქუთაისში, გადასატანი
ყუთის მოთხოვნით, 152 506 ამომრჩევლიდან, 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ
მიმართა
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით კი არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი
მიიღებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წელს,
პირველად, ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922
ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას
64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
მათივე ცნობით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის
13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც
შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში
შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო
უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები