საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა
დაასრულა.
ცესკო-ს ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით კი არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი
მიიღებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წელს,
პირველად, ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922
ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას
64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
მათივე ცნობით, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების
სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. ამომრჩევლებს
საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე
ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ
აპლიკაციაში ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი
გადახდის აპარატების მეშვეობით კი - 29 277-ჯერ.
"მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა
შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და
განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა.
ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ
ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული
პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული
დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის
საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.
საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა
ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 4-მა პარტიამ და 2-მა
არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის
ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი", - განმარტავენ
ცესკო-ში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის
13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც
შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში
შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები