საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და
სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ
განაცხადა, პირველ ეტაპზე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები
მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ მიწის საექსკავაციო პროცესი დაიწყება.
"ქუთაისის აეროპორტში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ახალი
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები. პირველ ეტაპზე,
მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გაწმენდა, ხოლო შემდეგ, უშუალოდ
ექსკავაციის პროცესი დაიწყება. ჯამურად, პროექტის ხანგრძლივობა არის
18 თვე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის
სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის
აეროპორტს და დასავლეთ საქართველოს ექნება უმაღლესი კატეგორიის,
უახლესი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობაც პირველად მოხდება
საქართველოს ისტორიაში და შესაძლებლობა გვექნება, მოვემსახუროთ როგორც
სატვირთო, ისე სამგზავრო საჰაერო ხომალდებს",- განაცხადა ირაკლი
ქარქაშაძემ.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 240 მლნ-ლარს შეადგენს, სამშენებლო
კომპანია „ანაგი" ახორციელებს.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, აეროპორტში სიმბოლური კაფსულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის
მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების
დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და სამშენებლო კომპანია „ანაგის“
დირექტორმა, ირაკლი გოგოლაშვილმა, 11 ოქტომბერს,
ჩაუშვეს.
პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი
საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას
შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
დღეისათვის, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი D კოდით
ოპერირებს. მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს
შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას
უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები