ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტი და
ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო 2023 წელს ე. წ
"რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას
დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სარჩელი, რომელშიც
მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური
ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
მოსარჩელეებს იურიდიულ დახმარებას "მედიაომბუდსმენი"
გაუწევს.
როგორც ცნობილია, აქციების გაშუქების დროს,
ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე
გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული იქნა წიწაკის სპრეი
და წყლის ჭავლი. მედიის წარმომადგენელთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური
ძალადობის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო
დაუყოვნებლივ გამოძიება, თუმცა დამნაშავე პირები ამ დრომდე არ
გამოვლენილან.
"მედიაომბუდსმენის" აპარატი მიიჩნევს, რომ აქციების
დროს მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტები მკაფიოდ
მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური
საქმიანობის ნაწილია საქართველოში. აღნიშნული სასარჩელო დავა კი
სიტყვის თავისუფლების დაცვის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
უფლების შენარჩუნების კიდევ ერთი სამართლებრივი მცდელობაა.
შესაბამისად, სარჩელის დროულად განხილვა და მოთხოვნათა სრულად
დაკმაყოფილება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების
დაცვისა და ჟურნალისტური თავისუფლების უზრუნველყოფის კონტექსტში
განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.
ჟურნალისტების და ოპერატორების
ზიანის თაობაზე დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ
"მედიაომბუდსმენის" შესაბამის ანგარიშს.
მასალის გამოყენების პირობები