"ფარნების აქცია", "იძებნება "ქართული ოცნების" პროექტები" - ამ
სახელწოდებით, ქუთაისში, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
სამოქალაქო მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა,
საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობასთან ფარნები მიიტანეს და
ხელისუფლების მიერ დაპირებული პროექტების ძებნა დაიწყეს.
სამოქალაქო ატივისტები ბერძენი ფილოსოფოსის, დიოგენეს მეთოდით
ცდილობდნენ ენახათ რეაბილიტირებული რიონისპირა სახლები,
ელექტრომობილების ქარხანა, "ოცნების ქალაქი", საპოლიციო და
ტექნოლოგიური ჰაბები…
"ჩვენ, დღეს, ფარნებით ვეძებდით "ოცნების" პროექტებს, ჯერჯერობით ვერ
ვიპოვეთ. ის რომ ქუთაისი დაცლილია, არ არის მხოლოდ ქუთაისის პრობლემა,
ეს, ალბათ, პირველ რიგში, თბილისის პრობლემაც არის. მაშინ, როდესაც
სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა და სახელმწიფო სტრუქტურები,
რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თბილისში ფუნქციონირებს,
თავისთავად, ეკონომიკაც მთლიანად კონცენტრირებულია თბილისში და მთელი
საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ქალაქში ცხოვრებს",- განაცხადა
სამოქალაქო აქტივისტმა ეკა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის რომ არ მოკვდეს დანარჩენი ქალაქები,
აუცილებელია დეცენტრალიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების
დეკონცენტრაცია.
" ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო ქუთაისში პარლამენტი, თუმცა
"ქართული ოცნების", მე ვიტყოდი, პროვინციულმა აზროვნებამ ეს ვერ
გადახარშა. ქუთაისი ნამდვილად იცლება და კარგავს განვითარების
პერსპექტივას",- განმარტავს ეკა ფხაკაძე.
აქტივისტების თქმით, "ქართული ოცნების” 12-წლიანი მართველობის
განმავლობაში, ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი,
განვითარების პერპექტივა, ქალაქი დატოვა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა და
მოსახლეობის რაოდენობით ქუთაისმა, მეორე ადგილიდან, მეოთხეზე
გადაინაცვლა.
ამიტომ, "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრები მოუწოდებენ
თანაქალაქელებს, ამ არჩევნებში ხმა მისცენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ
ძალებს, რომლებიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კურსის და
ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების პირობას
დადებენ.
ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი
ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს.
2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე
მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები