სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციები შუქრუთში მცხოვრებლების მრავალთვიან პროტესტს ეხმაურებიან და ხელისუფლებას დაუყონებლივი
რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, იმოქმედოს ადამიანის სიცოცხლის და
ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით და შეწყვიტოს უფლებადარღვეული
ადამიანების სამართლიანი პროტესტის უგულებელყოფა.
"სამწუხაროდ, ადგილობრივების პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო და
კომპანია ყველაფერს აკეთებენ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის
დელეგიტიმაციისთვის და მანიპულაციური ცნობების გავრცელებით ცდილობენ
საზოგადოების დაბნევას. კერძოდ, სახელისუფლებო მედია არხები
ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს
პროტესტის მონაწილეებს ზიანი უკვე სრულად აუნაზღაურდათ. სინამდვილეში,
შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს კომპანიისგან კომპენსაცია საერთოდ არ
მიუღია, ზოგიერთს კი აღებული აქვს ისეთი მცირე თანხა, როგორიც 5000
ლარია. რაც შეეხება დანარჩენ ოდენობებს, რაზეც კომპანია თავის
განცხადებებში აპელირებს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს თანხა
რამდენიმე ადგილობრივზე გაცემულია კომპანიასა და ადგილობრივებს შორის
გაფორმებული 2021 წლის ხელშეკრულების საფუძველზე.
სახელმწიფოს ამ დრომდე არ უღიარებია ადამიანების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარება. მათ შორის,
არ მიუღია ზომები იმ სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის
აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას. სწორედ
ამგვარმა დამოკიდებულებამ და ხელისუფლების მხრიდან ადამიანების
უფლებების უმძიმეს დარღვევებზე პასუხისმგებლობის არიდებამ მიიყვანა
შუქრუთელები შიმშილობის და პირის ამოკერვის უმძიმესი პროტესტის
ფორმებამდე",- აღნიშნულია
განცხადებაში.
იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პროტესტის მონაწილეთა ჯანმრთელობის
მდგომარეობა, სამოქალაქო ორგანიზაციებში მოუწოდებენ ხელისუფლების
უმაღლესი თანამდებობის პირებს, გამოეხმაურონ შუქრუთელების პროტესტს და
წამოიწყონ პროცესი, რომელიც ადგილობრივების სამართლიანი კომპენსირების
გარანტიებს შექმნის.
შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში
იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული
ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 25 დღეა რამდენიმე
ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
შუქრუთელები, რომლებიც თბილისში, პარლამენტთან, აქციის გასამართად 11
სექტემბერს ჩამოვიდნენ, ღამესაც აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უმძიმეს
პირობებში ათევენ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია კი მათ
კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან,
მოშიმშილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება და
სამედიცინო დახმარებას სულ უფრო და უფრო ხშირად საჭიროებენ.
შუქრუთში მცხოვრებლები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესებში ჩართვას
სთხოვენ, მთავრობის მეთაური ირაკლი
კობახიძე კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების
წარმოება კომპანის საქმეა, ამიტომ პროტესტის მონაწილეებს ახლა
მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვთ. ისინი საზოგადოებას
სოლიდარობისკენ მოუწოდებს და პარლამენტთან მათ მხარდასაჭერ აქციას
ხვალაც, 26 სექტემბერს, 19:00 საათზე აანონსებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული
სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები
და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.
ამიტომ, მოითხოვენ ,,ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის ადეკვატურ
ანაზღაურებას, ამ პროცესებში კი ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას
მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო
საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში
ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების
მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს
უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად
საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.
შუქრუთელების მდგომარეობა, მედიასაშუალებების გარდა, ამ დრომდე არავის
მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც
გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ
შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და
ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
მასალის გამოყენების პირობები