ქუთაისის მერია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების
წლევანდელ ფესტივალს არ დაასპონსორებს.
ამის შესახებ განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორები
ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით
ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურმა, ოფიციალური წერილით, უარი განაცხადა შეთანხმებული
პირობების შესრულებაზე - დაესპონსორებინა ფესტივალი.
ორგანიზატორების განცხადებით, მერიამ მიზეზად საკმარისი თანხის
არარსებობა დაასახელა. მერიის ოფიციალურ წერილში, რომელიც
ორგანიზატორებმა კულტურის სამსახურის სახელით მიიღეს, აღნიშულია,
რომ: "ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე
გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა
მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე".
გასული წლების განმავლობაში ფესტივალის გენერალური სპონსორი ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერია გახლდათ, რომელიც უზრუნველყოფდა ფესტივალის
სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს.
ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წელს, მერიის
მხრიდან საკადრო ცვლილებების ფონზე შეყოვნებებითა და ხარვეზებით
მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, მიუხედავად ამისა, მათ მერიიდან
წერილობითაც და სიტყვიერადაც ჰქონდათ შესაბამისი პირების დასტური და
მხარდაჭერა, რომ ფესტივალს მერიის მხარდაჭერა ექნებოდა.
მიუხედავად შეპირებისა, ფესტივალი მნიშვნელოვანი
სპონსორის გარეშე დარჩა. უარის მიზეზად მერიამ ქუთაისიპოსტის
შეკითხვაზე მოწერილ პასუხშიც „გაუთვალსიწინებელი საჭიროების“ გაჩენით
ახსნა.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ბოლო თვეების განმავლობაში წარმოიშვა
რამდენიმე გაუთვალისწინებელი საჭიროება, რომლის დროული გადაჭრა
მნიშვნელოვნია მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ამ
საკითხებმა გამოიწვია ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების განხორციელების
აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში შესაბამისი სახსრების
არქონის გამო, ქუთაისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას,
განახორციელოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის
ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“.
ფესტივალის ორგანიზატორები მიმართავენ საზოგადოებას, რომ მხარში
დაუდგნენ ფესტივალს და ჩარიცხონ თანხა კონკრეტულ ანგარიშზე, რომელიც
ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებასა და
მასპინძლობას მოხმარდება.
GEL: #GE09TB7442736080100010
EUR: #GE75TB7442736180100002
USD: #GE75TB7442736180100002
რიგით მეოთხე ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი
ფილმების ფესტივალის ჩატარდება 4 – 9 ოქტომბერს არის
დაგეგმილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 6 დღის განმავლობაში ქუთაისში,
კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს
მრავალფეროვან პროგრამას. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების
პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს,
დისკუსიებს და პრეზენტაციებს.
დაგეგმილია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა საპატიო სტუმრის
წარდგენა იქნება. ფესტივალს ეწვევა ესპანური და მსოფლიო კინოს
ვარსკვლავი მარისა პარედესი. მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს
ფილმებს მისი მონაწილეობით, ნაჩვენები იქნება ფილმები: "ჩემი
საიდუმლოს ყვავილი", "სიჩუმე" და "შეñორეს დე Gარდენია". მარისა
პარედესთან ერთად ფესტივალს ესტუმრება ესპანელი პროდიუსერი ხოსე მარია
პრადო.
როგორც ორგანიზატორები მიუთითებენ, წელს საკონკურსო პროგრამაში იქნება
25 ფილმი, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს,
ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და
გამარჯვებული ნამუშევრები.
საკონკურსო ფილმებს შორის საერთაშორისო ჟიური გამოავლენს
გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს სამ კატეგორიაში:
საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ოპერატორი.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეოთხე
წელია ტარდება. სამი წლის განმავლობაში ფესტივალის ერთ -ერთი მთავარი
სპონსორი ქუთაისის მერია გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები