ახალი ამბები
ექვსთვიანი პროტეტის შემდეგ, შუქრუთში მცხოვრებთა ნაწილი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს
FaceBook
181 დღიანი უწყვეტი აქციისა და 9-დღიანი შიმშილობის შემდეგ, შუქრუთში მცხოვრებლების ნაწილი პროტესტს თბილისში გააგრძელებს.
ისინი 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან, რათა ხელისუფლებას უფრო მეტად მიაწვდინონ ხმა.

შუქრუთში მცხოვრებლების თქმით, კარვები რუსთაველზეც გაიშლება, სადაც პროტესტის მონაწილეები ღამეებს გაათევენ.

"გადავწყვიტეთ, რომ 11 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან, შევიკრიბოთ და იქ განვაგრძოთ ეს პროტესტი. ვითხოვთ, პროცესებში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას, ამასთან, გვინდა, მივაწვდინოთ ჩვენი გაჭირვება ხალხს. ვთხოვთ, ყველას, დაგვიდგნენ გვერდში", - ამბობენ შუქრუთელები.

ამ დროისთვის შუქრუთში 5 ადამიანს აქვს პირი ამოკერილი, რამდენიმე კი შიმშილობს.

შიმშილობის დაწყებასა და პირის ამოკერვას წინ უძღვოდა აქცია-მსვლელობა სოფელ ჭორვილაში. შუქრუთში მცხოვრებლებს სურდათ, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" პირისპირ მარტო არ ყოფილიყვნენ და ამ პროცესებში ცენტრალურ ხელისუფლებას მედიატორის როლი შეასრულებინა. თუმცა, ჭორვილას შესასვლელში საგანგებოდ მობილიზებულმა პირებმა, სამართალდამცავებთან ერთად, მათ სოფელში შესვლის და ივანიშვილის სახლთან მისვლის უფლება არ მისცეს. 

ექვს თვეზე მეტია, შუქრუთში მცხოვრებლები ღამეებს კარავში ათევენ, თუმცა გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.