საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით,
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სამომავლოდ,
მასშტაბურად გაფართოვდება.
როგორც კობახიძემ KIU-ში პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით
საუბარი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და არის "ამბიციური გეგმები,
რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას".
კერძოდ, პრემიერი ირწმუნება, რომ 2028 წლისთვის უნივერსიტეტი 30
000-მდე სტუდენტის მიღებას შეძლებს.
"ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი
ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას
საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი
ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება. კონკრეტულად,
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის
განხორციელებაზე და აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს
განსაკუთრებულ ადგილს.
ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული
საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი
დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს
გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ
შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის
მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და რა თქმა უნდა, ეს
საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით
კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის
განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადად დაადასტურა
და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, -
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების
გაფართოება ხელს შეუწყობს ქუთაისის და მთლიანად იმერეთის
რეგიონის განვითარებას.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალ სიცოცხლეს შეიძენს, როგორც ქალაქი
ქუთაისი, ასევე მთლიანად ეს რეგიონი და კიდევ უფრო მეტად
განვითარდება, ზოგადად, დასავლეთ საქართველო, რაც არის ძალიან
მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის",- აღნიშნა
ირაკლი კობახიძემ.
ქუთაისში საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობის შესახებ ბიძინა
ივანიშვილმა, პირველად, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების
წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააჟღერა. ის 60 000 სტუდენტზე უნდა
ყოფილიყო გათვლილი. თუმცა, უნივერსიტეტი, ოფიციალურად, 2020 წლის
ოქტომბერში გაიხსნა და მასში 246 სტუდენტი ჩაირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები