სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული მოძრაობის
"აირჩიე ევროპა" წევრები, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების შემდეგ,
ქუთაისშიც იმყოფებოდნენ.
ისინი ქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ესაუბრნენ
ევროპული ღირებულებების შესახებ და იმაზე, თუ რატომ არის 26 ოქტომბრის
არჩევნებზე თითოეული მათგანის მისვლა მნიშვნელოვანი.
"ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ვეუბნებით უარს რუსულ მმართველობას, სხვა
შემთხვევაში ქვეყანას არ ექნება მომავალი",- ასეთი იყო "აირჩიე
ევროპას" წევრების გზავნილი ქუთაისის მოსახლეობის მიმართ.
აღნიშნული კამპანიის მიზანიც სწორედ ეს არის: არცერთი ევროპული ხმა არ
დარჩეს სახლში და მაქსიმალურად მეტი ადამიანი მივიდეს
არჩევნებზე.
"ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია.
ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ მათი ერთი ხმა არის
გადამწყვეტი, ამიტომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა
ნებისმიერ ოპოზიციურ პროევროპულ პარტიას, რაც, რა თქმა უნდა,
გამორიცხავს რუსული ხელისუფლების მხარდაჭერას. ანუ, ყველა, მინუს
ერთი და ეს მინუსი არის #41",- განმარტა მოძრაობის წევრმა ცირა
ელისაშვილმა.
ხელისუფლება რომ მოქალაქეებზე, საარჩევნოდ, ზეწოლას ახდენს და
ადამიანებს აქვთ შიში იმისა, რომ გაიგებენ, ვინ ვის მისცა ხმა, ეს
ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისასაც გამოიკვეთა.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გაიგებს თქვენი
ხმა საით წავიდა",- მიმართა ადგილობრივებს "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მართლაც
წყდება სახელმწიფოებრივი არჩევანი: ერთ მხარეს არის საქართველოს
ევროპული მომავალი, მეორე მხარეს - რუსული ჭაობი.
"დარწმუნებული ვარ, საქართველო აირჩევს ევროპას, ეს მოქალაქეებთან
ყოველდღიურ კომუნიკაციაში ძალიან კარგად ჩანს. საზოგადოების უმეტესობა
ზუსტად ხვდება, რა ტიპის არჩევნებთან გვაქვს საქმე, რომ ეს არის
რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის",- განმარტა
მან.
მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლელა ჯეჯელავას თქმით, მოქალაქეები
ელოდებიან ცვლილებებს, ოღონდ საჭიროა დამატებითი ახსნა-განმარტება
იმასთან დაკავშირებით, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული და ვერავინ
გაიგებს ვის მისცემენ ხმას, რადგან, მისივე განმარტებით, ჩანს, რომ
სუსი და ძალოვანი სისტემები სერიოზულ წნეხს ახორციელებენ
ადამიანებზე.
"მაგრამ, ამის მიუხედავად, არის საოცრად საიმედო განწყობა
საზოგადოებაში - არა მარტო ის, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ, არამედ
ისიც, რომ მზად არიან საკუთარი არჩევანის დასაცავად",- განაცხადა ლელა
ჯეჯელავამ.
რატომ გვჭირდება ევროპა? - ამაზე გააკეთეს "აირჩიე ევროპას" წევრებმა
მთავარი აქცენტები მოქალაქეებთან შეხვედრისას.
"ევროპა გვჭირდება იმიტომ რომ თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ, დაცულად; იყოს
ჯანსაღი გარემო ყველა მაცხოვრებლისთვის; იყოს შესაბამისი ანაზღაურება,
ხარისხიანი განათლების სისტემა; ჯანდაცვა, რაც გამოიწვევს
სტაბილურობის განცდას ჩვენს ქვეყანაში",- განმარტა მოძრაობის
ერთ-ერთმა წევრმა თათია მექვაბიშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ მიმდინარე წლის 11 ივლისს
დაფუძნდა. ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს (ცნობილ საზოგადო
მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებსა და აქტიურ
მოქალაქეებს) აერთიანებს, ვისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს
ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს. მოძრაობის მიზანია,
დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და
თავისუფლება.
სამოქალაქო მოძრაობა 26 ოქტომბრამდე 100 დღიან უწყვეტ ევროპულ
მარათონს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს
მასშტაბით, საქართველოს მოსახლეობასთან ე.წ. „ევრომობილების“
საშუალებით ჩავლენ, გააცნობენ ინფორმაციას, თუ რატომ და როგორ აირჩიონ
ევროპა.
სამოქალაქო მოძრაობის წევრები უკვე იმყოფებოდნენ სამეგრელოს შვიდივე
მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ფოთში. დღეს ქუთაისს ეწვივნენ, 30 აგვისტოს
კი ბათუმის ბულვარში მუსიკალური აქცია აქვთ დაგეგმილი. სექტემბრიდან,
ამავე კამპანიის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს შემოივლიან.
26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და
ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო
არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები