„ოქტომბრის არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან,
დღეს წყდება საქართველოს ბედი, სად ვიქნებით, ვიქნებით ევროპაში, თუ
არა“ - განაცხადა პოლიტიკის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ქუთაისში,
RICDOG-ის ოფისში, გამართულ შეხვედრაზე.
სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან
შეხვედრისას ის ქვეყანაში შექმნილ იმ რთულ ვითარებას შეეხო, რომელიც
ე.წ გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამ მოიტანა. ასევე, განიხილა
მიმდინარე პროცესები ევროპული ინტეგრაციის კონტექსტითაც, ვინაიდან,
მისი თქმით, სწორედ ამ არჩევნებით წყვეტენ მოქალაქეები მომავალში სად
უნდა ვიყოთ.
დღეს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს 9 ქვეყანა ფლობს, მათ
შორის ვართ ჩვენც. თუმცა, 8 ქვეყანა ბევრად უფრო ახლოსაა, რადგან
გახსნილი აქვთ მოლაპარაკებების სტადიები, საქართველოს კი, ლაშა
ტუღუშის თქმით, რუსული კანონი მიღების გამო, შესაძლოა, გახნილი კარი
მიეხუროს.
„ილუზიაა, რომ თითქოს ურთიერთობები გადაიტვირთება და მერე ამ
მატარებელს დავეწევით. ვერაფერსაც ვერ დავეწევით, რადგან ისედაც დიდი
სიჩქარით მიმდინარეობს ეს პროცესი. ის ქვეყანა, რომელიც ამ შანსს ვერ
გამოიყენებს და გახსნილ კარს დაახურინებს თავისთვის, რა თქმა უნდა,
დარჩება გარეთ, რადგან არავინ „გექაჩება“, თუ შენ თვითონ არ გინდა,
მოხვდე იმ საოცარ სივრცეში, რომელიც ჩვენი საუკუნოებრივი ოცნებაა და
რომლისთვისაც თითქოს ყველაფერს ვაკეთებდით. მაგრამ, კარი გაიხსნა,
გვითხრეს ერთი ნაბიჯით წინ გადადგიო და ამ დროს უკან გადავდგით.
ამიტომ, ახლა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები და
მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მისაღებია, თუ გვინდა ევროპა“,-
განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში რომ არჩევნებს აქვს დიდი
მნიშვნელობა, რადგან პოლიტიკის ექსპერტის თქმით, ამ ხელისუფლების
პირობებში, არანაირი შანსი არ გვაქვს იმისა, რომ ევროკავშირის წევრები
გავხდეთ, ამაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს ლაშა ტუღუშიც.
სწორედ ამიტომ, ის რამდენიმე ქალაქში უკვე ჩავიდა და მოქალაქეებს
შეხვდა, ქუთაისის შემდეგ კი ამ შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.
"ვიყავი ახალციხეში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ბათუმში, ახლა
ჩამოვედი ქუთაისში. ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10 ასეთი
ვიზიტი მაქვს დაგეგმილი. ყველგან მივალ, სადაც შემეძლება. ვისაც არ
უნდა დასავლეთი, მივალ და დაველაპარაკები. უნდა ვიბრძოლოთ, ახლა
წყდება ჩვენი ბედი. არ უნდა დავთმოთ ჩვენი მომავალი",- განმარტა
მან.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული
პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, პროფესორებისა და ზოგადად,
ყველა იმ ადამიანის აქტიურობაზეც, რომლებსაც ესმით, რატომ სჭირდება
ქვეყანას ევროპული მომავალი, ამიტომ, ამ არჩევნებში ერთ ხმასაც
გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
"ეს არის რეფერენდუმი, რომელზედაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა
გასცეს პასუხი. ფარხმალი კი არ უნდა დავყაროთ და იმაზე ვიფიქროთ,
როგორ გავიქცეთ ქვეყნიდან, არამედ იმაზე, როგორ არ გავიქცეთ და როგორ
არ დავთმოთ ეს ქვეყანა. მე მინახავს არჩევნები საქართველოს ისტორიაში,
როდესაც 1 ხმით მოიგო კანდიდატმა მაჟორიტარული ოლქი. ეს არის
ცხოვრება, ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ადამიანებთან მისვლა, საუბარი,
უნდა ავუხსნათ ყველაფერი და არ ავყვეთ აგრესიას, რადგან "ოცნების"
მთავარი კოზირია, არ იყოს აზროვნება და იყოს წივილ-კივილი. ამ დროს
იგებს ის, ვინც უარესია და უარესია ის, ვისაც არ უნდა ევროპა. კარგს
უნდა არგუმენტი - დასავლური ტიპი არგუმენტის ტიპია",- განაცხადა ლაშა
ტუღუშმა.
მან შეხვედრისას იმ მითებზეც ისაუბრა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს,
საზოგადოება დააშინოს და ამით მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.
"არის ზღაპრები, რომ ვითომ ომი დაიწყება, თუ "ოცნებას" მხარს არ
დავუჭერთ. დასავლეთი ჩვენ რომ არ გვეხმარებოდეს, წარმოიდგინეთ რა
ვითარებაში ვიქნებოდით. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მშვიდობა დგას
დასავლეთის მხარდაჭერაზე, ომის რისკები კი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ
დასავლეთი გამოგვეცლება. ამდენად, ჯერი ჩვენზეა, უნდა ვიყოთ
ყურადღებით, რომ არ დავკარგოთ ისტორიული შანსი და არ აღმოვჩნდეთ
გარეთ, საშიშ სამყაროში. თუ ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა დავკარგეთ,
მაშინ შეძილება, მართლა ძალიან სერიოზული რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ.
ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის იბრძოლოს იმისათვის, რომ
თავისი ბედი იხილოს იქ, სადაც უნდა იყოს. ეს არის ევროკავშირი და
ევროპა",- განმარტა ლაშა ტუღუშმა.
26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და
ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო
არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები