მას შემდეგ, რაც შუქრუთში მიმდინარე 155-დღიანი უწყვეტი პროტესტით
არცერთი უწყება არ დაინტერესდა, ადგილობრივები აქცია-მსვლელობას სოფელ
ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.
შუქრუთელები 24 აგვისტოს, 15:00 საათზე, კოროხნალის მაღაროსთან კვლავ
შეიკრიბებიან და მსვლელობით "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის
სახლთან გადაინაცვლებენ.
"მშვიდობიანი მსვლელობით გავემართებით ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის
სახლისკენ, რათა ხმა მივაწვდინოთ უშუალოდ ბატონ ბიძინას და მის მიერ
მოყვანილ მთავრობას. გვინდა, ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს ამ
პროცესში და შეასრულოს მედიატორის როლი, რომ არ ვიყოთ შეტოვებული
მხოლოდ კომპანიას", - ამბობს სოფელ შუქრუთის მკვიდრი გიორგი
ნეფარიძე.
ადგილობრივებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გააჟღერეს, რაც
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ, მათ, კოროხნალის მაღაროსთან, რომელიც
4 თვეზე მეტია პიკეტირებული აქვთ და ღამეებს კარავში ათევენ,
ფაქტობრივად,
პროტესტის უფლება აუკრძალა. მანამდე კი,
კომპანიამ პროტესტის მონაწილეებს
პოლიციაში უჩივლა და პროკურატურამ საპროტესტო
აქციის სამი მონაწილე - გიორგი ნეფარიძე, მალხაზ ლაბაძე და რომან
მეგრელიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში, 226-ე მუხლით (ჯგუფური
მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხება) მისცა და
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ამ პროცესებამდე კი, "ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა კომპანიებმა
პროტესტის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც კომპანიის მიერ მანგანუმის
მოპოვების შედეგად, თავიანთი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას
აპროტესტებენ,
სამსახურებიდან გაათვისუფლა. მიუხედავად
აღნიშნულისა, გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს,
არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, მათ შორის, არც
გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან.
მათი ბედით არ დაინტერესებულა რუსულ კანონზე ხელმომწერი, საჩხერის,
ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც,
რომლის
ბიუროშიც გვითხრეს, რომ მოქალაქეები პრობლემების
გასაჟღერებლად თავად უნდა მივიდნენ მაჟორიტართან.
4 თვეზე მეტია, კოროხნალის მაღაროსთან კარავია გაშლილი და
ადგილობრივები ღამეებს ათევენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების
მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ
საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და
სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ
კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ
ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე
აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების
მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ
საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000
ლარის კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
"აეკრძალოთ აქციის მონაწილეებს, ხელი არ შეუშალონ შპს
„მაღაროელს“ მანგანუმის მოპოვებაში“- საჩხერის სასამართლოს
გადაწყვეტილება
მასალის გამოყენების პირობები