საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით,
20 შუქრუთელს შპს "მაღაროელის" საქმიანობაში ხელისშეშლა
აეკრძალა.
თუმცა, რას ნიშნავს საქმიანობისთვის ხელისშეშლა, როცა ეს ადამიანები
154 დღეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, პროტესტის ნიშნად
კარვებში ათენებენ, მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში არ
დაუკონკრეტებია.
"წერია, აეკრძალოთ საქმიანობაში ხელშეშლაო - რას გულისხმობს ეს და
როგორ უნდა აუკრძალონ, სასამართლოს განმარტებული არ აქვს, ამიტომ
მასში შეიძლება მოექცეს აბსოლუტურად ყველაფერი, მათი იქ ცხოვრებაც კი
თეორიულად. სავარაუდოდ, ამ განჩინებას გამოიყენებენ ისე, რომ მათ იქ
პროტესტის გამოხატვის უფლება არ აქვთ",- ამბობს
შუქრუთელების ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე.
"სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" იურისტის თქმით, სასამართლოს
გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან კომპანია სარჩელით პროტესტის
მონაწილეებს ზიანის ანაზღაურებას ედავებოდა და არა ხელშეშლის
აღკვეთას, შესაბამისად, მისი თქმით, უზრუნველყოფის ღონისძიება და
მოთხოვნა ერთმანეთთან პირდაპირ თანხვედრაში არ არის.
"გავასაჩივრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება
არასწორად არის გამოყენებული. გარდა ამისა, სარჩელი შეიტანეს იმ
პირების მიმართ, რომლებიც იქ საერთოდ არ დგანან და არ აპროტესტებენ,
უბრალოდ ცხოვრობენ ჭიათურაში და ვინც აპროტესტებს, მათი ოჯახის
წევრები არიან. შესაბამისად, გასაჩივრდება განჩინება და ვფიქრობთ, რომ
შეიცვლება აუცილებლად",- ამბობს ადვოკატი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ივანე ყიფიანის
გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და უკანონოდ მიიჩნევენ შუქრუთელებიც.
გიორგი ნეფარიძის თქმით, პროტესტს გააგრძელებენ და მეტიც, 24
აგვისტოს, საჩხერის სოფელ ჭორვილაში, „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მსვლელობით
გადაინაცვლებენ.
"24 აგვისტოს, 3 საათზე, ვიკრიბებით აქ, სადაც კარავი გვაქვს გაშლილი,
კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მშვიდობიანი მსვლელობით
მივემართებით ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, რათა ხმა
მივაწვდინოთ უშუალოდ ბატონ ბიძინას და მის მიერ მოყვანილ მთავრობას.
გვინდა, ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს ამ პროცესში და შეასრულოს
მედიატორის როლი, რომ არ ვიყოთ შეტოვებული მხოლოდ კომპანიას",-
განმარტავს გიორგი ნეფარიძე.
"ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორმა, შპს „მაღაროელმა“ პროტესტის
მონაწილეებს სასამართლოში
მაისში უჩივლა. მოსარჩელემ მოითხოვა, შუქრუთელებს
აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება
(ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით ჩამოერთვათ
კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის ნაკვეთები. ამასთან,
კომპანია პროტესტის მონაწილეებისგან 5,5 მილიონი ლარის ოდენობით,
ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
სასამართლო დავისა და უწყვეტი პროტესტის პარალელურად, კომპანიამ
პროტესტის მონაწილეებს
პოლიციაშიც უჩივლა. პროკურატურამ საპროტესტო
აქციის სამი მონაწილე - გიორგი ნეფარიძე, მალხაზ ლაბაძე და რომან
მეგრელიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 226-ე მუხლით მისცა,
რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას
გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგივე მოსამართლე ივანე
ყიფიანმა სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო
შეუფარდა.
სასამართლო დავასთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიები პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც 4 თვეზე მეტია, კომპანიის
მიერ მანგანუმის მოპოვების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების
დაზიანებას აპროტესტებენ,
სამსახურებიდანაც ათავისუფლებენ. მიუხედავად
აღნიშნულისა, გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს,
არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, მათ შორის, არც
გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან.
მათი ბედით არ დაინტერესებულა რუსულ კანონზე ხელმომწერი, საჩხერის,
ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც,
რომლის
ბიუროშიც გვითხრეს, რომ მოქალაქეები პრობლემების
გასაჟღერებლად თავად უნდა მივიდნენ მაჟორიტართან.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული
წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები,
სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი
კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ფოტო: მთის ამბები
ამავე თემაზე:
პროკურატურამ შუქრუთში პროტესტის მონაწილეებს ბრალი
წაუყენა
მთავრობა დუმს, "ჯორჯიან მანგანეზი" კი შუქრუთში
პროტესტის მონაწილეებს სამსახურებიდან
ათავისუფლებს
მასალის გამოყენების პირობები