დღეიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იგივე
რუსული კანონი ძალაში შედის.
ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს დღეიდან ძალაშია.
დოკუმენტის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება
ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან
არის მიღებული.
კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული
ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის
მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის
ასახვა.
ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის
განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის
შესახებ.
რუსული კანონის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ფინანსური დეკლარირების
დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ამოცანებია კანონმდებლობით
დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა
რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე “უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ
საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის
თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის
დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. კანონით, ასევე,
გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს
ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ
შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების
განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი;
კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა
- 20 ათასი ლარი.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იგივე რუსული კანონი
კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ
დააინიციირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო
კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები