121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აგრძელებს
სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ და სარჩელით
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,
სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის არაკონსტიტუციური
ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც მოითხოვენ.
"კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს
კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს
თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა
ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ
და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა
და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ
აცხადებს.
მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა
გადაწყვეტილებას, ასევე გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი კონსტიტუციის
78-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში გაწევრების მთავარი ქვაკუთხედია",- აღნიშნულია
განცხადებაში.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო
სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას
და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას. ამასთან,
განმარტავენ, რომ ამზადებენ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში წარსადგენად.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ,
არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და
საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის
უპირობო გაუქმებამდე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!",- აღნიშნულია
121 არასამთავრობო და მედია ორგანზაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა
ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ დააინიციირა. 14 მაისს კი,
ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე,
საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები