ახალი ამბები
რა როლი აქვს ევროკავშირს, საქართველოში, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში
FaceBook
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემა, უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი მეწარმე, უფრო უვნებელი და ჯანსაღი სურსათი და უკეთესი ჯანმრთელობა ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის - 

ამის შესახებ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ ქუთაისში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

"ჩვენმა ორგანიზაციამ, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა", სწორედ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 100-ზე მეტი მავნე პროდუქტი გამოავლინა. ამდენად, ევროკავშირთან ინტეგრაციას მოაქვს ჩვენთვის ის, რომ უფრო იხვეწება სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემა, მეწარმეები ხდებიან უფრო პასუხისმგებლიანები და კონკურენტუნარიანები, ჩვენ ვიღებთ უფრო ჯანსაღ და უვნებელ სურსათს, რაც აისახება ჩვენი და მომავალი თაობების ჯამრთელობაზე",- განმარტა ვახტანგ კობალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლი 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგია. სწორედ, ამ დოკუმენტით მოხდა საქართველოს მხრიდან ვალდებულების აღება სურსათის უვნებლობის მონიტორინგზე. 

"2015 წლიდან კი ამოქმედდა სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში გრძლევადიანი საკანონმდებლო დაახლოების გეგმა, რომელიც 2028 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში უნდა მოხდეს ევროკავშირის 200 ნორმატიულ აქტთან დაახლოება", - ამბობს კობალაძე. 



ამოქმედებულია ცხელი ხაზის (1501) სისტემა, რომლის მიზანია, მომხმარებელი, რომელიც ჩათვლის, რომ ესა თუ ის პროდუქტი უვარგისია, ან სანიტარული ნორმები არ არის დაცული, ცხელ ხაზზე დარეკვით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდებიან.

"თუ რა მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულებით, გეტყვით: მოგვცა ის, რომ შედგა საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემა, რომელიც მანამდე, ფაქტობრივად, არ არსებობდა. სააგენტოს ყველა რეგიონულ ცენტრში აქვს ოფისი (და ჰყავს ერთი წარმომადგენელი მაინც), რაც ადრე ასევე არ არსებობდა. ეს ოფისები არის კეთილმოწყობილი, აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით. სააგენტოს გააჩნია დიდი სატრანსპორტო ბაზა და რესურსი იმისათვის, რომ კონტროლი განახორციელოს. ამან გამოიწვია კონტროლის მასშტაბების ზრდაც - თუ 2012 წელს 504 ინსპექტირება განახორციელა სააგენტომ, 2023 წელს - 18 000-ზე მეტი. გარდა ამისა, სააგენტო უშუალოდ ახორციელებს ფერმერების, გლეხების უსასყიდლოდ დახმარებას. ეს არის საქონლის მასობრივი ვაქცინაციები სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ და მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ამაში, ყველაფერში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იქ მუშაობენ. ანუ მათ დიდი დახმარება გაუწიეს პირველ რიგში სახელმწიფოს იმაში, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულიყო",- განმარტა ვახტანგ კობალაძემ. 

მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარების დიდი წილი მიდის ფერმერების, მეწარმეების მხარდაჭერაზეც, იმისათვის, რომ მათ უკეთ დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის ახალი მოთხოვნები. ასევე მათ სწავლებაზე, რომ შესაბამისი ცოდნით იყვნენ აღჭურვილი.

"ცალკე მინდა გამოვყო საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი - ალბათ, ყველას გექნებათ შემჩნეული, რომ ბოლო წლებში, მსხვილფეხა პირუტყვი გადაადგილდება საყურე ნიშნებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგი, რომ მოხდეს მიკვლევადობა საფრთხეების. ვთქვათ აღმოჩნდა, რომ რძის ნაწარმი არის დაბინძურებული და გამოიწვია მოქალაქის მოწამლა, მოხდეს მოკვლევა და აღმოიფხვას საწყისი მიზეზები. ამ სისტემის შექმნაში ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს",- აღნიშნა მან. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარება ასევე მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ, გამოკვეთონ ის სისტემური პრობლემები, რაც არსებობს ამ სფეროში და მოთხოვონ ხელისუფლებას, მეწარმეებს, უზრუნველყონ მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რა ბედი ელის რუსული კანონის პირობებში მსგავსს პროექტებს, რომელიც სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას ემსახურება, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტები და რეფორმები შეწყდება, რაც ზიანს აყენებს, არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას, არამედ თითოეულ მოქალაქეს, რადგან სურსათის უვნებლობის კონტროლი ყველა მოქალაქის ინტერესშია. 

"თუ ქვეყანა კურს შეიცვლის და ევროინტეგრაცია აღარ იქნება პრიორიტეტი, მაშინ, დიდი ალბათობით, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიმართულებით (და არა მხოლოდ) რეფორმები შეწყდება და ევროპული დახმარებაც მნიშვნელოვნად შემცირდება",- ამბობს ის. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.