"საგანმანათლებლო და პროექტების მხარდაჭერის პროგრამა" - ერთ-ერთი
მიმართულებაა, რაც ქუთაისში 2024 წელს უნდა დაიწყოს. პროგრამა
"იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის" სტატუსის ფარგლებში ხორციელდება.
ყოველ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს.
ქუთაისმა ლიტერატურული ქალაქის სტატუსი 2023 წლის 31 ოქტომბერს მიიღო
და ოფიციალურად შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს
(UCCN), როგორც იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი. ქუთაისმა სტატუსი მიიღო
მაშინ, როდესაც "რუსული კანონი" გაწვეული იყო და საქართველოს
ევროინტეგრაციას და დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ჩრდილი არ
ადგებოდა.
იუნესკოს სტატუსი ოთხწლიანია (2024-2028), რომელიც აერთიანებს სამ
ძირითად ინიციატივას. ამ სამიდან ერთ-ერთი საგანმანათლებლო და
პროექტების მხარდაჭერის პროგრამაა, რომელიც გულისხმობს ყოვლისმომცველ
პროგრამას განათლებისა და პროექტების მხარდასაჭერად. აქტივობების
მთავარ მასპინძლად განისაზღვრა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაა.
პროგრამის თანახმად საჯარო ბიბლიოთეკა საქალაქო ფილიალებთან ერთად
2024 წლის დასაწყისიდან უნდა ყოფილიყო აქტიური კულტურული
დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივას, ვორქშოფებისა
და ტრენინგების გამართვით გამომცემლობის, წარმოების, მენეჯმენტის და
მწერლების, რედაქტორებისა და მთარგმნელებისთვის. მასში ჩართული უნდა
ყოფილიყვნენ მოწვეული ექსპერტები UCCN-ის ქსელიდან.
ყოველ შემთხვევაში, ასეა მითითებული გეგმაში. თუმცა, ბიბლიოთეკაში ამ
მხრივ მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. როგორც აქ აღნიშნავენ, პროექტის
ფარგლებში, წლის ბოლომდე დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, სადაც სხვა
ორგანიზაციებთან ერთად ჩართული იქნება საჯარო ბიბლიოთეკა. თუმცა რა
ღონისძიება და როდის, ამას არ აკონკრეტებენ.
იუნესკოს სტატუსი და ყველა აქტივობა რაც ამ სტატუსს ახლავს თან,
ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად ესახება მწერალ ტარიელ დათიაშვილს.
თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ქალაქის კულტურული
ცხოვრებისთვის ამ სასიცოცხლო პროცესს ხელი შეეშალოს, მისი ჩატარება
დაგვიანდეს ან საერთოდ გაუქმდეს. ამის თქმის საფუძველს, მწერალს,
ქვეყანაში ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და დემოკრატიული
პროცესებისთვის ხელისშემშლელი კანონების მიღება აძლევს.
"დისკრიმინაციული კანონების მიმღების და ანტიდასავლური რიტორიკის და
ქმედებების გამო, ევროკომისიამ პერსონალურ სანქციებსა და უვიზო
მიმოსვლის შეჩერებაზე წამოიწყო საუბარი, ამერიკამ უკვე დააკისრა
სანქციები ხელისუფლების რიგ წარმომადენელს, მოსამართლეებს, ძალოვნებს,
ევროკავშირმა შეამცირა სახელისუფლებო სექტორის დაფინანსება, რაც
მაფიქრებინებს, რომ იუნესკოს მიერ მონიჭებული სტატუსის ფარგლებში
ჩასატარებელ ღონისძიებებსაც საფრთხე შეიძლება დაემუქროს. აღარ
ჩატარდეს ვორქშოფები და ტრენინგები ევროპელი ექსპერტების ჩართულობით",
- აღნიშნავს ტარიელ დათიაშვილი.
თუმცა ასე არ ფიქრობენ ქუთაისის მერიაში. მათი რწმენით, ამ პროექტის
სრულად ამოქმედებას არაფერი ემუქრება.
"თუ ჩემი პირადი პოზიცია გაინტერესებთ, ვერ ვხედავ კავშირს დასმულ
საკითხს (რუსული კანონის მიღებას - რედ) შორის და ვერც საშიშროებას
იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ღონისძიებების
გაუქმება/ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით", - ამბობს ქუთაისის მერიის
ადმინისტრაციის უფროსი პეტრე ადამაძე.
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რწმენის მიუხედავად ევროკავშირმა
ბევრი რამ შეცვალა საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ „რუსული
კანონის“ მიზეზით.
ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
ევროკავშირმა ასევე შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული
სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024
წლისთვის.
ამ პროცესებს ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან შეიძლება
სხვა პროექტების, პროგრამების შეჩერებაც მოჰყვეს.
ამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მიზეზი გახდა "უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის 3
აპრილს მეორედ დააინიციირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და
საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც
მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები