პოლიციამ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,
იმერეთში, ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ
გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში,
გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან,
სადაც გ.კ.-ს მეგობარი - 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა,
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის
შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში
მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა
თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს",- აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით და
236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები