"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ
იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების
დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე სრულად განახლდა ასფალტო-ბეტონის საფარი,
მოეწყო სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები და საფეხმავლო ხიდი,
ტროტუარები მოპირკეთდა ფერადი ფილებით, განთავსდება ძელსკამები და
საგზაო ნიშნები.
სამუშაოები, შპს " Georgian Build"-მა, საპილოტე რეგიონების
ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შეასრულა.
პროექტის ღირებულებამ 2 222 220 ლარი შეადგინა.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. მესამე, საბოლოო
მოსმენით კი, 14 მაისს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და
საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში,
„უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ"
უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და
უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ
კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები