ახალი ამბები
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - კახა გოგოლაშვილის შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
ქვეყნის უსაფრთხოება, განვითარება, დაცულობის შეგრძნება და სიკეთეები სხვადასხვა სფეროში - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს.
ევროკავშირში გაწევრიანება - ეს არის ღირებულებითი წინსვლა და კეთილდღეობა, რომელიც ყველასთვის არის გათვლილი.

აღნიშნულის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან  გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საუკუნეებია, საქართველო გადარჩენისთვის იბრძვის, ამდენად, ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება უსაფრთხოებაა და ჩვენ თუ ამას მივაღწევთ, შეგვიძლია წინ წავიდეთ.

„რაც ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ხომ სჭირდება ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ მოხვდეს ისეთ გარემოსა და მეგობრებში, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას, შენ ვიღაცამ დაგიპყროს, ვიღაცამ რაღაცა წაგართვას, დაგაშინოს და ამის გამო გამუშაოს თავის თავზე და ა.შ. ხომ გვინდა, რომ საბოლოოდ, სტაბილურად მმართველობის ფორმაში ცხოვრება, სადაც ადამიანი დაჩაგრულად არ იგრძნობს თავს, სადაც ექნება თავისი უფლებები, შესაძლებლობები, სახელწიფო ბიჯეტი იქნება ყველასთვის და არა მარტო ვიღაცებისთვის“,- აღნიშნა შეხვედრაზე კახა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამისთვის არის შექმნილი ევროკავშირი - მშვიდობისთვის, თანასწორობისთვის, თანამშრომლობისთვის. იმისთვის, რომ ადამიანების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. და ახლა, როცა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, კახა გოგოლაშვილის განმარტებით, „ზევიდან გვეუბნებიდან, ჩვენ გავაკეთებთ სულ სხვანაირად, რაღაცას მივიღებთ ევროპისგან და რაღაცას არა. ასე არ გამოვა“.

როგორც „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა - თუ ქვეყანას, მინიმუმ ეს სამი რაღაც არ აქვს, მაშინ ვერ იქნება ევროპული საზოგადოების წევრი.



შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კითხვას: რა ინტერესები აქვს თავად ევროკავშირს, მაშინ როცა საქართველოს ფინანსურად ეხმარება, კახა გოგოლაშვილმა ასე უპასუხა:

„ვინც ამას ამბობს (რომ თუ ფულს იხდიან, ე.ი ინტერესი აქვთ), სულ მინდა ვკითხო: თქვენი მამა და მარჩენალი ვთქვათ მკურნალობისთვის რომ გაძლევთ ფულს, რომ ატეხოთ ერთი ამბავი, შენ თუ ინტერესი არ გექნებოდა, მე არ მომცემდი ამ ფულსო, დაახლოებით იგივეა. აი, რა ინტერესი აქვს ევროკავშირს: ევროკავშირის ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც იდება რომელიღაც ქვეყანასთან, მარტო იმაზე კი არ იდება, რომ მე ვივაჭრებ შენთან - მე მოგყიდი ამას, შენ მომყიდე ეს და ორივესთვის მნიშვნელოვანი იქნება. არა, შეთანხმებას ევროკავშირი რომ დებს, აუცილებლად დებს რაღაც კონდიციებს. ეუბნება, რომ შეარბილე ადამიანის უფლებების სფეროში რაღაც, შეეცადე კარგი მეზობლური ურთიერთობა გქონდეს ვიღაცასთან და ა.შ. ის აკეთებს პოლიტიკას, რომ სამყარო გახდეს ისეთივე, როგორიც არის თვითონ ევროკავშირი. ინტერესი ევროკავშირის არის ის, რომ ქვეყანა, რომელთანაც აქვს ურთიერთობა, იყოს სტაბულური, განვითარდეს, გაიზარდოს ჰუმანური კაპიტალი“,- განმარტავს კახა გოგოლაშვილი.

ამის მაგალითად მას ის 6 000 სტუდენტი მოჰყავს, რომელთაც ერაზმუს+ის პროგრამით ისარგებლოს და უფასოდ ისწავლეს საზღვარგარეთ.

„რატომ აკეთებენ ამას? ადამიანური კაპიტალი უნდა გაიზარდოს აქ და ამიტომ. რუსეთს აქვს ასეთი ინტერესი? - რა თქმა უნდა, არა. რუსეთი სასწავლებლად რომ ეპატიჟება ხალხს ლომონოსოვის უნივერსიტეტში და სადღაც, პირველ რიგში პოლიტიკური ამბავია. ზუსტად ასე აკეთებს ჩინეთიც, ჩინურ ენას ასწავლის უფასოდ, მიყავს უნივერსიტეტში სტუდენტები, რადგან პოლიტიკურად ეს ხალხი განაწყოს თავის სასარგებლოდ. ევროკავშირს რაც შეეხება, არც უყურებს ის სტუდენტი სად მიდის მერე, რას აკეთებს და ა.შ. უბრალოდ, იმედი აქვს, რომ ადამიანური კაპიტალი გაიზრდება ამ ქვეყანაში“,- განმარტავს გოგოლაშვილი.

ის საზოგადოებაში გავრცელებულ იმ მოსაზრებასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი მაინც თავის ხალხს, ექსპერტებს უხდის ფულს და არასამთავრობოებს, თავის აგენტებს. კახას გოგოლაშვილის თქმით, თუ ევროკავშირი თავის ექსპერტებს ქირაობს და ჩამოჰყავს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გყავს შესაბამისი ექსპერტი.

„დღეს თუ გვაქვს კანონები, თუ სამინისტროები არსებობენ, დებულებები აქვთ, დატრენინგებული ხალხია იქ, იციან თავისი საქმე როგორ გააკეთონ, პოლიტიკის დოკუმენტი როგორ დაწერონ, მერე როგორ მოახერხონ ამის იმპლიმენტაცია და ა.შ. იმიტომ რომ ისევ ევროკავშირი აფინანსებდა თავის ექსპერტებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ და ამას ასწავლიდნენ და თქვენ რა გინდათ, უფასოდ ჩამოვიდნენ? როდესაც განვითარდა და შედარებით გაიზარდა საქართველოში ეს ექსპერტიზა, მე იმის მომსწრეც ვარ, ვხედავდი მეტ ქართველ ექსპერტს ქირაობდნენ, მათ შორის პროექტის ხელმძღვანელებად“, - განმარტა კახა გოგოლაშვილმა.

მან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც კახა გოგოლაშვილის თქმით, არაფერი აქვს საერთო ამერიკულ კანონთან, გარდა სახელისა.

„ჩვენ ვებ გვერდზე გვიდევს ყველანაირი ინფორმაცია, საიდან რა გრანტი მივიღეთ, სად რა დაკვეთა შევასრულეთ, სახელმწიფო განკარგულებები კი 4 წელია აღარ ქვეყნდება. ვის რა მიწები მისცეს და სად რა გააკეთეს არ ვიცით. ამიტომ, ეს კანონი არის არასამთავრობოების მიმართ უსამართლობა, სადაც ბევრად უფრო პატრიოტი ხალხი მუშაობს. მათ აბრალიან უცხო ქვეყნის აგენტობას, ეთიკას, ცხოვრების სულისკვეთებას ფეხქვეშ უთელავენ“,- განმარტავს გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, ეს კანონი ასევე სამართლობაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების: ევროკავშირის, ამერიკის, კანადის, იაპონიის და ა.შ მიმართ, რომლებიც მუდმივად გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან ფინანსურად.

„მახსოვს 90-იანი წლებიდან, ჩვენ რომ ძალიან გვიჭირდა, რომ გვშიოდა, წამალი არ გვქონდა, ის, რომ კანონს დაწერა არ შეგვეძლო, როცა ფული ბიუჯეტში გვაკლდებოდა, სულ გვეხმარებოდნენ და ახლა მხოლოდ 10%-ს ხარჯავენ არასამთავრობოების მხარდასაჭერად რომ მათ გააკეთონ ეს საქმეები. ე.ი შენ ამ ქვეყნებს უძახო უცხო ძალას, რომელიც გამჭვირვალე კი არ უნდა გახადო მარტო, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მონიტორი უნდა მოუწყო, აბა რამეს ხომ არ აკეთებენ ისეთს და რატომ? - იმიტომ რომ თურმე ვიღაც არასამთავრობოები ყოფილან, ვისაც უთქვამთ, რომ მთავრობა უნდა გადადგესო და ამიტომ თურმე ისინი აფინანსებენ მთავრობის გადაყირავებასო. თუ ეს ასეა, მოდი გამოიძიე, რად უნდა ამას კანონი?“,- აღნიშნა შეხვედრაზე კახა გოგოლაშვილმა.

მან რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როცა ამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში და ეწინააღმდეგება კანონს, ასევე წინააღმდეგია მთელი საერთაშორისო მეგობრობა, „შენ კი ამ დროს გამოდიხარ და იხაძი: მე მაქვს პარლამენტში უმრავლესობა, ეს სუვერენიტეტის საკითხია და რასაც მინდა იმას ვიზამო, ეს ნონსენსია მეგობრებო. წარმოუდგენელია, რომ ევროპის რომელიღაც ქვეყანაში ეს გაბედოს მთავრობამ“,- განმარტა გოგოლაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი), რომელიც 1998 წელს დაარსდა, არის პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ცენტრი, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის გზით. ფონდის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.