29 ივნისს, რეზო გაბრიაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში,
ღონისძიებები მოეწყობა.
10:00 საათიდან, გია ყანჩელის უკვდავი მელოდიების ფონზე,
თანამედროვე „აგულის“ სახელოსნოდან თეთრი ხიდის მიმართულებით
გაბრიაძის კინო-პერსონაჟების ფოტოებით გაფორმებული ავტომობილი
დაიძვრება.
11:00 საათზე, თეთრი ხიდის მიმდებარედ, პირველი სკოლისა და სკვერის
ტერიტორიაზე, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გაიხსნება. გაიმართება
ადგილობრივი მხატვრების, ხელოსნების, ნახატებისა და ხელნაკეთი
ნივთების, მათ შორის, ნაირნაირი შლაპებისა და საზაფხულო ქუდების
გამოფენა-გაყიდვა.
დღის მანძილზე, მოეწყობა კოსტუმირებული პერფომანსი, კადრებად
გაცოცხლებული სცენები რ. გაბრიძის ფილმებიდან.
19:00 საათზე, სპეციალურად გამოყოფილ ღია სივრცეში, კაფე გარდენიას
ტერიტორიაზე, გამაგრილებელი სასმელის თანხლებით, რეზო გაბრიაძის
ნოველებს, წერილებს, ქუთაისზე მოგონებებს, საჯაროდ წაიკითხავენ.
ამასთან, თეთრი ხიდის მიმდებარედ, იმპროვიზირებული შოუ - შლაპებით
მსვლელობა მოეწყობა.
20:00 საათზე გაიმართება "ნიკო ნიკოლაძის კლუბის" პრეზენტაცია -
პროექტი, ქალაქის უკვდავ ლეგენდებზე, მოგონებები რეზო გაბრიაძეზე.
20:00 საათის შემდეგ კი, პროექტორის დიდ ეკრანზე, ფრაგმენტებად
გაცოცხლდება გაბრიაძის მარიონეტების, სპეკტაკლების და ფილმების
კადრები.
საღამო უკვდავი ფილმის, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეტროსპექტივით
(დიდ ეკრანზე) დასრულდება.
ღონისძიების მიზანია, რეზო გაბრიაძის დაბადების დღის აღნიშვნის
ტრადიციად დამკვიდრება, მის მშობლიურ ქუთაისში.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, გაბრიაძის
შემოქმედების პოპულარიზება ახალ თაობებში, ქალაქის ქართველ, თუ უცხოელ
სტუმრებთან, ქუთაისის მკვიდრთა ჩართულობით, უმნიშვნელოვანესია.
ტრადიციად ქცეული, მსგავსი ტიპის ივენთები, ფესტივალები, ვორკშოპები,
წარმოდგენები, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქალაქის პოპულარიზაციაზე,
როგორც ტურისტულად მიმზიდველი დესტინაციის და შესაბამისად,
ეკონომიკურადაც დადებითად აისახება ქალაქის კულტურული ცხოვრების
განვითარებაზე.
ღონისძიება ა/ო რეგიონალური ტურიზმის განვითარების ცენტრისა და "ნიკო
ნიკოლაძის კლუბის" ორგანიზებით იმართება.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო
გაბრიაძე ქუთაისში დაიბადა. ის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული
მოღვაწე, სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი იყო.
მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში.
რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის
შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი
იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები