ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 20 ივნისის ღამით მოსული უხვი ნალექის
შედეგად, მდინარე ხანისწყალი ადიდდა.
ადიდებულმა მდინარემ სოფელ ხანთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო,
რის გამოც მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
სოფელ ხანს, სადაც 260 ოჯახი და 600-მდე ადამიანი ცხოვრობს, არც
ელექტროენერგია მიეწოდება, ვინაიდან ადიდებულმა მდინარემ
ელექტროგადამცემი ბოძებიც დააზიანა.
როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, სოფელოში ელექტროენერგიის
აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება, რაც შეეხება საგზაო
ინფრასტრუქტურას, მათივე განმარტებით, სოფლის მოსახლეობა გარესამყაროს
მოწყვეტილი არ არის და ამ დროისთვის ალტერნატიული, შემოვლითი გზით
სარგებლობს.
სტიქიამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლის მწარმოებელი საწარმო
"ზეკარიც" დატბორა და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე, საქართველოში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის
გაძლიერება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები