შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს,
მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი.
უწყების ცნობით, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა
და იმერეთის რეგიონებში, ასევე თბილისში, დაკავებულებს შორის
არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული
პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე
განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული
შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების
პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ
მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა
სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ
შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“,
„კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“,
„მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.
ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ,
ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და
ელექტრო სასწორები ამოიღო",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,
18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე
პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები