გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი, წელს, 3
ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ჩააბარებენ, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
naec.ge-ს ცნობით, საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე
დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის
კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს
ჩააბარებენ.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, დეტალური ინფორმაცია
გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო
ცენტრის მისამართის შესახებ საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული.
გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან
20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი,
ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი,
თელავი, ხულო, ამბროლაური.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი
აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში
მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო
სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის
კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 -
ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
"თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის
ვებგვერდზე აბიტურიენტებისათვის სისტემატიურად
ქვეყნდება კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რუბრიკა
„რჩევები აბიტურიენტებს“ გათვალისწინებულია იმ გამოსაცდელებისათვის,
რომლებსაც სურთ დეტალურად გაეცნონ ჩასაბარებელს საგანთან დაკავშირებით
ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება საგამოცდო პროცესსა და
მასთან დაკავშირებულ წესებსა და ინსტრუქციებს, აბიტურიენტებს
საშუალება აქვთ გაეცნონ ცნობარში. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი,
რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი,
კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი
დეტალები",- აღნიშნულია naec.ge-ს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები