ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამი თვის
მანძილზე აიკრძალება.
მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რის
გამოც, 3 ივნისიდან 31 აგვისტომდე, გელათის ქუჩის კვეთიდან დავით
ჩირაძის ქუჩის კვეთამდე მოძრაობა შეზღუდული იქნება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება მუნიციპალური
ტრანსპორტის სვლაგეზებიც.
კერძოდ, M3 კატეგორიის N19 და M2 კატეგორიის N141 სატრანსპორტო
საშუალებები, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის ქუჩების კვეთიდან
(საფიჩხიის ცენტრიდან) ქალაქის ცენტრის მიმართულებით, კოსტავას ქუჩის
ნაცვლად, გელათის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის მერიას ტენდერის გამოცხადება ორჯერ
მოუწია. პირველ ჯერზე, სახელმწიფო შესყიდვა, წინადადების მიღებიდან
ოთხ დღეში, საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე,
თავადვე ჩაშალა.
შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული
კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარებოდა მიმდინარე შეკეთებას.
შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო
ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარის
დეფორმაციის რისკებს შეიცავდა.
როგორც ჩანს, ადგილობრივმა თვითმმარველობამ 2 მილიონამდე ლარის
ღირებულების სამუშაოები ისე დაგეგმა, რომ ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც
იგეგმებოდა, სრულყოფილად შესწავლილი არ ჰქონდა.
მეორედ გამოცხადებულ ტენდერში [NAT240005726] კი
პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონზე მეტი ლარით (619 163) გაზარდა.
ტენდერში კომპანია „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს
ფილიალმა" გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 2 მილიონ 198 776 ლარის
სანაცვლოდ შეასრულებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა
გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე გათვალისწინებულია კოსტავას
ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა
ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი. სამუშაოები ხელშეკრულების
დადებიდან 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
მერია კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერს
მეორედ აცხადებს
ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციის ტენდერი
შეწყვიტა
მასალის გამოყენების პირობები