3 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებულ საქველმოქმედო
აქცია-კონცერტზე 250 000 ლარი შეგროვდა.
მოქალაქეების მიერ შეგროვებული ეს თანხა რუსული კანონის წინააღმდეგ
გამართული აქციებისას უკანონოდ დაჭერილი და დაჯარიმებული ადამიანების
მხარდაჭერას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ 250 ათასი ლარი 01:00 საათის მონაცემებია და
ანგარიშზე ჯერჯერობით ასახული არ არის უცხოეთიდან განხორციელებული
გადმორიცხვები.
„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“- ამ სახელწოდებით, გუშინ, 3 ივნისს,
თბილისსა და ქუთაისში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.
აქცია-კონცერტი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათიდან
დაიწყო და მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა.
ქუთაისში კი კონცერტი ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა, სადაც ის
ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს
ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებიან რუსულ რეჟიმს.
ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული აქცია-კონცერტით, ერთი მხრივ,
შეაჯამეს ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, მეორე მხრივ კი,
ქართველმა მუსიკოსებმა, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და
მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია
მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
თითქმის 2 თვეა, იმართება. გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის
დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები, პოლიციელების
ჩვენებების საფუძველზე, ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე
კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაში დღეს, 3
ივნისს, შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ
კანონს
ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა კანონის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები