ახალი ამბები
"რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!" - 2 ივნისს, ქუთაისში, აქცია-კონცერტი გაიმართება
FaceBook
"რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!" - ამ დევიზით, 2 ივნისს, ქუთაისში, აქცია-კონცერტი გაიმართება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებიან რუსულ რეჟიმს.

აქცია-კონცერტში, რომელიც 19:00 საათიდან დაიწყება, მონაწილეობას მუსიკოსები: Outsider, SKAZZ, Will Kolak, Stress, See Me, Luie, გერჩი და ბაჩო ჯიქიძე მიიღებენ.

„დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები. საპროტესტო მსვლელობები ჩატარდა ქალაქის ყველა უბანში.

2 ივნისს, ერთი მხრივ, შევაჯამებთ ქუთაისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით“,- განმარტავენ აქცია-კონცერტის ორგანიზატორები.

28 მაისს, შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, დაძლია „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო და 84 ხმით რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი, თბილისსა და რეგიონებში, საპროტესტო აქციებიის ფონზე წარიმართა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.