პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონზე დადებულ პრეზიდენტის ვეტოს
განიხილავენ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის უკან არიან შეკრებილი და აქციას
მართავენ.
ისინი სასტვენებითა და შეძახილებით ცდილობენ, საკანონმდებლო ორგანოში
მყოფ დეპუტატებს ხმა გააგონონ.
პარალელურად, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია სლოგანით
- „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ დაანონსდა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება დღესაც
ბათუმსა და ქუთაისშიც.
40 დღეზე მეტია, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა
მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც
"ქართული ოცნება" რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას
გეგმავს.
ვეტოს დაძლევის შემდეგ, აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი, ან
პროცედურული მექანიზმი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას
ხელს შეუშლის. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს
დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის
თავმჯდომარე მოაწერს.
რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო
მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა. 18 მაისს კი კანონს ვეტო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები