პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის
ვეტო დღეს, 28 მაისს, განიხილება.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. დეპუტატები ჯერ პოლიტიკურ
განცხადებებს გააკეთებენ, შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების განხილვა დაიწყება, ბოლოს კი კენჭისყრები.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის
მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, კიდევ ერთი აქცია კი
პარლამენტის წინ 17:00 საათზეა დაგეგმილი.
იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ
76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს.
ვეტოს დაძლევის შემდეგ აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი ან
პროცედურული ბერკეტი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას
ხელს შეუშლის.
რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო
მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა. 18 მაისს კი კანონს ვეტო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები