"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ
იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების
დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
ქუთაისში წყალარინების (კანალიზაციის) პროექტი ხორციელდება.
მისი ღირებულება 321 მლნ ლარს შეადგენს.
როგორც გამოცემა "ფორბსი" იუწყება, პროექტს ევროპის საინვესტიციო
ბანკი (EIB) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების
ფონდი (EPTATF) აფინანსებს.
წყალარინების (კანალიზაციის) პროექტს 2024 წელს – 42 მლნ ლარი უნდა
მოხმარდეს, აქედან 30 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა,
გამოცემის ინფორმაციით პროექტზე 2025-2027 წლებში 279 მლნ ლარი უნდა
დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს: ქუთაისში 116 კმ სიგრძის მაგისტრალური
წყალარინების ქსელის (კანალიზაციის), 25 კმ სიგრძის კოლექტორისა და 19
სატუმბი სადგურის მოწყობას. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის
მშენებლობას.
იმერეთში (ასევე ყაზბეგში) სხვა მსხვილი პროექტებიც ხორციელდება.
კერძოდ იმერეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე ყაზბეგში კომუნალური
ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად – 322 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, გერმანიის
სახელმწიფო ბანკი) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 56
მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს 75 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027
წლებში 247 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
სამტრედიაში, ბაღდათში, ვანსა და ყაზბეგში წყალმომარაგებისა და
წყალარინების (კანალიზაციის) სისტემებისრეკონსტრუქცია-მოწყობას და
წყალარინების გამწმენდი ნაგებობების აშენებას.
ფორბსის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული
(კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 6 მილიარდი ლარი უნდა
დაიხარჯოს. აქ იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე, ანუ წინა
წლებში დაწყებული პროექტები. სულ 71 პროექტი განხორციელდება,
რომლებზეც უკვე არის დახარჯული 18.5 მილიარდი ლარი, ხოლო 2024-2027
წლებში 16 მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. დახარჯული და დასახარჯი
თანხის ჯამი 35 მილიარდი ლარია. 71 პროექტიდან 50 პროექტი
საერთაშორისო დონორების, ანუ დასავლური ქვეყნების დაფინანსებით
ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 15 მილიარდი ლარია.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, "უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი მეორედ დააინიციირა. პირველი
მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — "უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის", ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და
საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში,
"უცხოური ძალის" სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ"
უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და
უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ
კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები