ქუთაისელი აქტივისტი არჩილ გეგენავა, რომელსაც საზოგადოებრივ
ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებოდნენ, ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
არჩილ გეგენავას თქმით, ბრალმდებელი სასჯელის მაქსიმალურ ზომას, 15
დღიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ციცინო მოსიძემ აღნიშნული
არ დააკმაყოფილა.
"მთელი სასამართლო მიდიოდა იმაზე, რომ ვამტკიცებდი სოსო მთხლეა, თუ
ბრალმდებელის მტკიცებით ადამიანის ორგანო, არადა მთხლეს ვიძახდი
სახალხოდ, საჯაროდ, საქვეყნოდ. ძირითადად პოლიციელები
გამოიკითხნენ, ყველა სხვადასხვანაირად ყვებოდა ამბავს, ბოლოში ძლივს
აღიარეს, რომ ხალხს კი არა, სოსოს ეძახდაო. გაუჭირდათ აშკარად
აღიარება, თუმცა მაინც ჯიუტად თავიანთი გაიტანეს.
უსამართლო სამართალი რო გვჭირს, თორე მერი რომელმაც მოქალაქეს ჯერ
ხელი დაარტყა, მერე შეაგინა, დღეს არც უნდა იჯდეს იქ, სადაც ზის,
მაგრამ პროკურატურას თაროზე აქვს შემოდებული მისი საქმე",- ამბობს
არჩილ გეგენავა.
საუბარია 2 მაისის შემთხვევაზე, როდესაც რუსული
კანონის მოწინააღმდეგეებმა, მათ შორის არჩილ გეგენავამ, მერიის მაღალი
თანამდებობის პირებს, რომლებიც მესხიშვილის თეატრში კონცერტს
ესწრებოდნენ, სირცხვილის დერეფანი მოუწყეს. სამოქალაქო აქტივისტმა
ქალაქის მერს "უღირსი", „მონა" და „მთხლე" უწოდა, რაზედაც 2 დღის
შემდეგ, 4 მაისს, სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი ხალხის
შეურაცხყოფაზე შეადგინეს, არადა აქტივისტი პოლიტიკური თანამდებობის
კონკრეტულ პირს მიმართავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად მერმა, რამდენიმე თვის წინ, ასევე
საზოგადოებრივ სივრცეში, მესხიშვილის თეატრის ტერიტორიაზე (ნაძვის ხის
საზეიმოდ ანთების შემდეგ), მოქალაქეს სიტყვიერი და როგორც ვიდეოში
ჩანს,
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მაშინ "ქუთაისიპოსტმა" როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურას საჯარო
ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წერილები გაუგზავნა, თუმცა დაიწყო თუ
არა საქმეზე გამოძიება, კონკრეტული პასუხი არც ერთი უწყებისგან არ
მიგვიღია.
ამავე თემაზე:
"სავარაუდოდ, მერის დაჟინებული მოთხოვნით შეადგინეს
ოქმი" - ქუთაისელ აქტივისტს წვრილმან ხულიგნობას
ედავებიან
მასალის გამოყენების პირობები