ქუთაისში, მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის “მე და ევროპა” ჩვენება-დისკუსია
გამართა.
გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასევე ევროკავშირის
მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში,
რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს
და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე,
თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, 4 ადამიანის
პერსპექტივიდან მოგვითხრობს.
ფილმის ჩვენებას, რომელიც სასტუმრო "მეფე დავითში", ევროპის დღეების
ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეები და სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ფილმების ჩვენებისა და
დისკუსიების ციკლი, რომელსაც სხვადასხვა ქალაქში ვატარებთ. დღეს უკვე
მეშვიდე შეხვედრაა, ჩავატარეთ თბილისში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში,
ქვემო ქართლში. დღეს ჩამოვედით ქუთაისში და ხვალ მივდივართ გურიაში.
ფილმი არის ოთხი სხვადასხვა ისტორია. მრავალფეროვნებას, დემოკრატიას,
თავისუფლებასა და თანასწორობას - ამ საკითხებს მოიცავს. ეს არის ფილმი
ევროპაზე, როგორა ვართ ჩვენ ევროპელები, რომ ევროპა ძალიან შორის კი
არ არის ჩვენგან, ჩვენ ვართ ევროპა. ფილმი ევროპულ ღირებულებებზეა,
რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და
საქართველოსთვის",- ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი
დირექტორის მოადგილე მაკო ჭილაშვილი.
ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელსაც ისტორიკოსი და
ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე უძღვებოდა.
საინფორმაციო კამპანიის “მე და ევროპა” ფარგლებში, მედიის
განვითარების ფონდი (MDF) აღნიშნული ფილმის ჩვენება-დისკუსიას
თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში მართავს (მარტი-ოქტომბერი):
კახეთი (ყვარელი), სამცხე ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი), ქვემო
ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი, ხულო), გურია
(ლანჩხუთი) და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
(ამბროლაური).
მასალის გამოყენების პირობები