ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ,
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.
შემთხვევა 2 მაისს მოხდა, როდესაც რუსული კანონის
მოწინააღმდეგეებმა, მათ შორის არჩილ გეგენავამ, მერიის მაღალი
თანამდებობის პირებს, რომლებიც მესხიშვილის თეატრში კონცერტს
ესწრებოდნენ, სირცხვილის დერეფანი მოუწყეს. სამოქალაქო აქტივისტმა
ქალაქის მერს "უღირსი", „მონა" და „მთხლე" უწოდა, რაზედაც 2 დღის
შემდეგ, 4 მაისს, სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი
შეადგინეს.
არჩილ გეგენავას ადვოკატის, ვალერი თევდორაძის თქმით, ოქმი ხალხის
შეურაცხყოფაზეა შედგენილი, არადა აქტივისტი პოლიტიკური თანამდებობის
კონკრეტულ პირს მიმართავდა.
„ოქმთან ერთად წარდგენილია ვიდეო-მტკიცებულებაც, სადაც ნათლად ისმის,
რომ არჩილ გეგენავა მიმართავს ქალაქის მერს და უძახის მას „უღირსი
სოსო“; „მონა სოსო“; მთხლე სოსო“. ეს კარგად ვერ გაიგეს
პოლიციელებმა, ან გაიგონეს რაც უნდოდათ და მიამგვანეს ადამიანის
ორგანოსთან სოსოს იდენტიფიცირებას. ოქმი კი შეადეგინეს ხალხის
შეურაცხყოფის თაობაზე, არადა სრულად იყო მერის მიმართ.
მეტიც, იქ იყო პოლიციის მთელი შემადგენლობა, მათ შორის პოლიციის
საკმაორდ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არჩილთან შევიდნენ
დიალოგში და უთხრეს უღირს რატომ ეძახიო, ის კი არ უთაქვამთ ადამიანის
ორგანოს რატომ ადარებთო, იმიტომ რომ მსგავსი გამონათქვამი არ ყოფილა.
უღირს იმიტომ ვუძახი, რომ არისო და თუნდაც იყოს, მაინც რატომ უძახიო.
ასეთი დიალოგი გაიმართა იქ. 2 დღის შემდეგ, სავარაუდოდ, ქალაქის მერის
დაჟინებული მოთხოვნით დაიწყეს ამაზე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენა“,- ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ
გაიმართა, თუმცა 23 მაისისთვის მოწმეების გამოკითხვის საფუძველზე
გადაიდო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აქტივისტს 500 ლარიდან 1000
ლარამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ხალხის შეურაცხყოფა იმთავითვე გამორიცხულია,
რადგან არავინ არ მიმართავდა იქ ხალხს, მიმართავდა ერთ კონკრეტულ
პირს. შეურაცხყოფა კი არა, ეს არის მისი შეფასება, მისი შეხედულება
კონკრეტული პოლიტიკური პირის საქმიანობაზე, რისი უფლებაც გამოხატვის
თავისუფლებაში სრულად ჯდება, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ
ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლების დასჯას და აღკვეთას ცდილობს
ხელისუფლება და ეს საქმეც ამის ერთ-ერთი გაგრძელებაა“,- განმარტავს
ადვოკატი.
თავად არჩილ გეგენავა კი, რომელიც ქალაქის მერის მუშაობის მიმართ
მუდმივად კრიტიკით გამოირჩევა, სასამართლოში საქმის აღძვრას მის
მიმართ მერის პირად შურისძიებად მიიჩნევს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად მერმა, რამდენიმე თვის წინ, ასევე
საზოგადოებრივ სივრცეში, მესხიშვილის თეატრის ტერიტორიაზე (ნაძვის ხის
საზეიმოდ ანთების შემდეგ), მოქალაქეს სიტყვიერი და როგორც ვიდეოში
ჩანს, ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა.
მაშინ "ქუთაისიპოსტმა" როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურას საჯარო
ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წერილები გაუგზავნა, თუმცა დაიწყო თუ
არა საქმეზე გამოძიება, კონკრეტული პასუხი არც ერთი უწყებისგან არ
მიგვიღია.
მასალის გამოყენების პირობები