"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება
მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების
შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში,
მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ
იწონებენ".
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა.
მისი თქმით, ეს მონაცემთა ბაზა სპეციალურ ვებგვერდზე
განთავსდება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი
იქნება.
"ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის
ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა
და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.
არის შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარისა, როდესაც ხდება
ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წვერებზე შანტაჟი, რომელიც
სისხლისსამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია
მორალური შეფასება და ადამიანებმა უნდა შეაფასონ მორალურად,''-
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, მონაცემთა ბაზის შექმნის
მიზანია, საზოგადოებას მორალური რეაქცია ჰქონდეს და იცოდეს, თუ ვინ
ახორციელებს მასზე ზეწოლას.
'' სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოხატული სიძულვილის
ენა, მოწოდებები ადამიანების გარიყვასთან დაკავშირებით, კერძო საუბარი
არ არის. ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს
ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა
ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას
ამაზე რეაქცია ექნება, უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის
ქმედებებსა და განცხადებებს", - აცხადებს პაპუაშვილი.
''ქართული ოცნება'' "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მესამე მოსმენით
დასამტკიცებლად ემზადება. ეს კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს,
მეორე მოსმენით კი 1 მაისს მიიღეს.
რუსულ კანონს ათიათასობით ქართველი ეწინააღმდეგება -
დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციები პერმანენტულად
მიმდინარეობს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის
რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო
აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც
დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის" სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური
ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას
ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია
გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც
დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური
დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა,
საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან,
წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები