ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
პროტესტის 21-ე დღეს (7 მაისს), 18:00 საათზე, აქციის მონაწილეები
ცენტრალურ მოედანზე კვლავ შეიკრიბებიან და „ქართული ოცნების“
ოფისისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
„ასევე, ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის
ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის
კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბოლო გაჩერება -
რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქუთაისის მერია). გელოდებით ყველას,
ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო
გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!“,- განმარტავენ აქციის
მონაწილეები.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
მიიღი. მას მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
ფოტო: გაგა ჩიხლაძე
მასალის გამოყენების პირობები