ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ, ამ წუთებში,
აქცია-მსვლელობას მართავენ.
ისინი კამპუსიდან ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ, საქართველოსა და
ევროკავშირის დროშებით, ფეხით მოემართებიან, სადაც მესხიშვილის
თეატრთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.
„ჩვენ, როგორც სტუდეტებს, მინიმალური რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ არის
მხარდაჭერის ჩვენება და გამოცხადება იმ ადამიანებისთვის, ვინც
ჩვენთვისაც იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცხადზე ცხადია
სტუდენტების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც ძალიან
მნიშვნელოვანია მასობრივად ამ პოზიციის დაფიქსირება (განსაკუთრებით
გუშინდელი დღის მერე), რათა ყველამ იცოდეს, რომ კიუს სტუდენტები
დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო“,- განმარტავენ
ისინი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ფონდ "ქართუს"
დაფინანსებით აშენდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები