"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა,
ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა შუშანიამ საკრებულოს სხდომაზე
მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდა დაანებონ შვილებთან ბრძოლას
თავი.
მან, ასევე, უმრავლესობის წევრები ლგბტ პროპაგანდის
საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის გამო
გააკრიტიკა.
,,ამ კანონით ევროკავშირში ვერ შევალთ. ადამიანის უფლებებს ფეხვეშ
თელავენ. ეს რუსული კანონია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს,"-
აღნიშნა გიგა შუშანიამ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ამ შეფასებას უმრავლესობის
დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რაც სიტყვიერ
დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"შეეშვით საჯარო მოხელეების ბულინგს. რუსული საქმე „ნაციონალებმა“
გააკეთეს. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს მივიღებთ, ისევე
როგორც გამჭვირვალობის კანონს. საქართველო საქართველოდ დარჩება. წინ
წავალთ ღირსებით,"- მიმართა გიგა შუშანიას "ქართული ოცნების"
დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში მარეხ ნიჟარაძემ.
ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის"
დეპუტატებმა პროესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა
დატოვეს.
"დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ვუსმენდით. ხელისუფლების მიზანი
აშკარაა: დაგვაშოროს ევროატლანტიკურ ალიანსს და დაგვაბრუნოს რუსულ
ჭაობში. მთავრობამ ვერ გაიგო, რომ მისი ოპონენტი არა რომელიმე
პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქართველი ხალხია. საკუთარი ოჯახის წევრები
ჰყავთ ოპონენტები," - განმარტა სხდომის დატოვების შემდეგ გიგა
შუშანია.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, როგორც
თანამდებობის პირები ასევე, საჯარო მოხლეებიც აქტიურად
აზიარებენ ფეისბუქზე რუსული კანონის მხარდამჭერ
ქარდებს.
მმართველმა გუნდმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი
დააინიცირა, რომლის განხილვა ქუთაისში 21 აპრილს გაიმართა. განხილვები
გაიმართება სხვა ქალაქებშიც. მანამდე "ქართულმა ოცნებამ" რუსული
კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღი. მას მხარი 83-მმა
დეპუტატმა დაუჭირა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის"
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები