“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მასშტაბური აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი დღესაც, 24 აპრილს.
რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, მესხიშვილის თეატრის წინ
,18:00 საათზე, შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. ისინი ამით
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან: არა რუსულ კანონს!
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები დღეს
რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
მანამდე კი მონპლაზირის თაღთან, 17:00 საათზე, ხელისუფლების მიერ
ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, საერთო საზოგადოებრივი
განხილვა გაიმართება.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
მიიღი. მას მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები