ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მარში გაიმართა.
"ქალები ვირჩევთ ევროპას"- ამ სლოგანით გაერთიანებული იმერელი ქალები
დღეს ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში შეიკრიბნენ და მესხიშვილის თეატრთან
მსვლელობით გადაინაცვლეს.
მათ დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს ხელისუფლებას "არა რუსულ კანონს" და
კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდეს.
"დღეს ქუთაისში შევიკრიბეთ ქალები, აქტივისტები, საქართველოს
მოქალაქეები და ვაპროტესტებთ რუსული კანონის კიდევ ერთხელ
შემობრუნების საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ევროპის უძველესი
ქალაქიდან ვითხოვთ, რომ დაუყონებლივ შეწყდეს ყველა ის საბოტაჟის აქტი,
რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას მიერეკება რუსულ ორღობეში",-
განმარტა მოქალაქე ქრისტინე მაღლაკელიძემ.
ქუთაისის პარალელურად, ქალთა მოძრაობამ მარში საქართველოს სხვადასხვა
ქალაქში გამართა.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
მიიღი. მას მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები