საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
სწორედ
დღეს დაუჭირა პარლამენტმა მხარი საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანას
, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ალბათ, საზოგადოების ნაწილს გაუჩნდება კითხვა, რა არის ოფშორი და
რატომ იყენებენ მას. თემის ირგვლივ გთავაზობთ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"
მასალას, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელსაა გამოქვეყნებული.
რა არის ოფშორი?
ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ,
არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები
განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები
შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის
კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის
რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასევე, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის
აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი
(ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული
ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო.
თუ გინდა გაექცე სახელმწიფო ბიუროკრატიას, გარკვეულ სამართლებრივ
კონტროლს და გადასახადების ნაწილს, ოფშორი ამ მხრივ მართლაც
„სამოთხეა“.
მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი
სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები
ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში
უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა
გამოყენება სავალდებულოა.
ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა,
ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა,
კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ
კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.
რატომ იყენებენ ოფშორს?
კომპანიის ოფშორში რეგისტრაციის მთავარი მოტივატორი საგადასახადო
შეღავათებია. ეს ეხება კორპორატიულ გადასახადებს: მოგებაზე,
დივიდენდზე და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებს, რადგან
განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად მაღალი გადასახადებია, კაპიტალის
მოცულობა კი ტრილიონობით დოლარია, ფინანსების ნაწილი ოფშორებში
მიედინება.
ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი
კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი
სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“
შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების
მეშვეობით, პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნეს
საქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს.
ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე
სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობა
ეკრძალებათ/ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ უნდათ, რომ ამან
მორალურად არ დააზიანოთ. ამის ნათელი მაგალითი იყო „საგამოძიებო
ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში
გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“. ოფშორული კომპანიების
კონფიდენციალური ბაზის დოკუმენტების მოპოვების საფუძველზე, ცნობილი
გახდა, რომ ასზე მეტი, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსი ოფშორულ
კომპანიებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და „ფულის
გასათეთრებლად“ იყენებდნენ. გამოვლინდა არამარტო მათი ოფშორებთან
კავშირი, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კანონდარღვევაც კი.
ზოგადად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება, როგორც წესი, აკრძალული არ
არის, მაგრამ ზრდის კორუფციის და თაღლითური ოპერაციების რისკს.
მაგალითად, რადგან ხელისუფლების წევრებს სახელმწიფო შესყიდვებში და
პროგრამებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, შეუძლიათ, ჰქონდეთ
ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები და ამ კომპანიებით ან ამ
კომპანიების შვილობილი კომპანიებით მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული.
ამასთან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ფარული ბენეფიციარი
თანამდებობის პირია, მას მაღალი ალბათობით შეუძლია, საკუთარ კომპანიას
არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი ან მიაღებინოს სხვა
სახის სახელმწიფო დაფინანსება. შესაძლებელია, ბიუჯეტის ფულის გაცემაზე
პასუხისმგებელი და ამ ფულის მიმღები პირი ერთი და იგივე ადამიანი
იყოს.
რა კავშირშია საქართველო ოფშორებთან და რა
დამოკიდებულებაა ოფშორების მიმართ განვითარებულ დემოკრატიულ
ქვეყნებში, ნახეთ
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული
ანგარიში.
"ქართულმა ოცნებამ" ოფშორების კანონპროექტი დღეს, მესამე მოსმენით
მიიღო. კენჭისყრაზე მას უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ
დაუჭირა.
ამ კანონის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან
საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი
გადასახადისგან გათავისუფლდება.
ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის
გადაცემის შემთხვევაში შემდეგი საგადასახადო შეღავათები წესდება:
აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული
უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული
შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო
გადასახადისგან;
აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის
გადასახდელისგან;
საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს,
გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
ოპოზიცია ამბობს, რომ კანონპროექტში გაწერილი პირობები მიესადაგება
კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს და მის კომპანიებს.
მასალის გამოყენების პირობები