საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ამ კანონის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან
საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი
გადასახადისგან გათავისუფლდება.
ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის
გადაცემის შემთხვევაში შემდეგი საგადასახადო შეღავათები წესდება:
აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული
უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული
შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო
გადასახადისგან;
აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის
გადასახდელისგან;
საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს,
გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
ამ კანონს კენჭისყრაზე უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ
დაუჭირა. კანონპროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ კანონპროექტში გაწერილი პირობები მიესადაგება
კონკრეტულად ბიძინა
ივანიშვილს და მის კომპანიებს.
რადგან ოფშორების გარშემო ბევრი კითხვაა, უნდა ვიცოდეთ რა არის ოფშორი
და რისთვის იყენებენ, ნახეთ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო" განმარტავება:
რა არის
ოფშორი?
ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ,
არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები
განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები
შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის
კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის
რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასევე, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის
აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი
(ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული
ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო.
თუ გინდა გაექცე სახელმწიფო ბიუროკრატიას, გარკვეულ სამართლებრივ
კონტროლს და გადასახადების ნაწილს, ოფშორი ამ მხრივ მართლაც
„სამოთხეა“.
მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი
სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები
ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში
უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა
გამოყენება სავალდებულოა.
ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა,
ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა,
კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ
კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.
რატომ იყენებენ
ოფშორს?
კომპანიის ოფშორში რეგისტრაციის მთავარი მოტივატორი საგადასახადო
შეღავათებია. ეს ეხება კორპორატიულ გადასახადებს: მოგებაზე,
დივიდენდზე და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებს. რადგან
განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად მაღალი გადასახადებია, კაპიტალის
მოცულობა კი ტრილიონობით დოლარია, ფინანსების ნაწილი ოფშორებში
მიედინება.
ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი
კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი
სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“
შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების
მეშვეობით, პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნეს
საქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს.
ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე
სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობა
ეკრძალებათ/ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ უნდათ, რომ ამან
მორალურად არ დააზიანოთ.
ზოგადად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება, როგორც წესი, აკრძალული არ
არის, მაგრამ ზრდის კორუფციის და თაღლითური ოპერაციების რისკს.
მაგალითად, რადგან ხელისუფლების წევრებს სახელმწიფო შესყიდვებში და
პროგრამებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, შეუძლიათ, ჰქონდეთ
ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები და ამ კომპანიებით ან ამ
კომპანიების შვილობილი კომპანიებით მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული.
ამასთან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ფარული ბენეფიციარი
თანამდებობის პირია, მას მაღალი ალბათობით შეუძლია, საკუთარ კომპანიას
არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი ან მიაღებინოს სხვა
სახის სახელმწიფო დაფინანსება. შესაძლებელია, ბიუჯეტის ფულის გაცემაზე
პასუხისმგებელი და ამ ფულის მიმღები პირი ერთი და იგივე ადამიანი
იყოს.
მასალის გამოყენების პირობები