ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83-მა
დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო
განხილვა და მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა წინ, რასაც 25
ადამიანის დაკავება მოჰყვა.
კანონპროექტის განხილვისას სხდომაზე ვითარება დაძაბული იყო.
უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები
სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე
ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ, რის შედეგადაც მათ სხდომა
დაატოვებინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური
მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“
ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა
ბოკუჩავასა და „ლელოს“ დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს სხდომა
დაატოვებინა.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები