შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის
გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით,
ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო
რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს
საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით,
პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი
ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის
მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა
შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად,
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა
პოლიციის კორდონები.
''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე
შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის
მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ,
შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე
ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის
შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ,
სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის
მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი,
ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები,
ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს
სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური
აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა
რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის
აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს
პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა
ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და
ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის
შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად
სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც
ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის
მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება
მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომელმა,''-ნათქვამია განცხადებაში.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ, 15 აპრილს
პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები