"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა შუშანია განცხადებით, ქუთაისის
მერი, ქალაქში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედვად,
მერიის დაფინანსების 100 000 ლარით გაზრდას გეგმავს.
მისი თქმით, ან თანხიდან 70 000 ლარი მერიაში დასაქმებულთა ხელფასების
ზრდას მოხმარდება, 30 000 ლარი კი - სხვა ხარჯებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი იოსებ ხახალეიშვილს მოუწოდებს, არ შეიტანოს
ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილება და ეს თანხა "მადლიერების სახლის"
ბენეფიციართა კვების რაციონის გაუმჯობესებას მოახმაროს.
"მაშინ, როცა ქუთაისელები შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი
ფასებით საწვავსა და პროდუქტებზე, სამუშაო ადგილები ყოველდღიურად
მცირდება ქალაქში და ქუთაისი იცლება, მერიამ პირველი რაც გააკეთა,
მოიფიქრა, რომ 100 000 ლარით გაიზარდოს ბიუჯეტში საკუთარი ხარჯები და
აქედან 70 000 ლარი დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად,
ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს
უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, რადგან მხოლოდ 2.15
თეთრი იხარჯება ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე. ამიტომ,
მივმართავთ მერს, არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა
მიმართოს ბენეფიციართა კვების გაუმჯობესებაზე, ან თვითონ დაჯდეს ამ
წყალწყალა კვებაზე და ნახოს საკმარისია თუ არა ადამიანის ნორმალური
გამოკვებისთვის",- ამბობა გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიაში შუშანიას ბრალდებას, მერიაში დასაქმებული
თანამშრომლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, ცრუს და
არაკომპეტენტურს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ის საზოგადოების
განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"ქუთაისის მერიის 350 თანამშრომელს, 2024 წლის მანძილზე,
დაუფინანსდება ჯანმრთელობის დაზღვევა. ვინაიდან აღნიშნული ხარჯი,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად,
დაქირავებული თანამშრომლებისათვის განეკუთვნება ხელფასის სახით
მიღებულ შემოსავალს, ამიტომ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით
და სწორედ საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა აისახა შრომის
ანაზღაურების მუხლში,რაც არ გულისხმობს ხელფასების მატებას",-
განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.
ქუთაისის "მადლიერების სახლს'', ამ ეტაპზე, 650 ბენეფიციარი
ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები